ამაღლობელი მოსამართლეს: "რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, მინდა იცოდეთ, თავს გამარჯვებულად მივიჩნევ"
“ეს მხოლოდ ჩემი სასჯელი არ იქნება - ეს იქნება თქვენი სასჯელიც, ბატონო პროკურორო და ყველა იმ პირის, ვინც ჩართული იყო“ - ამ სიტყვით მიმართა ბრალდების მხარეს დამოუკიდებელი მედიების "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელმა.
პატიმრიბაში მყოფი ქალი ჟურნალისტი ამბობს, რომ პროკურატურა ირაკლი დგებუაძის სამსახურში ჩადგა, პოლიციის იმ ხელმძღვანელის, რომელიც მზია ამაღლობელის თქმით, ციხით საჯაროდ დაემუქრა.
ჟურნალისტმა მაღალი თანამდებობის პირების თავდასხმებზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ მას „ათასი სიგიჟე“ დააბრალეს. ჟურნალისტმა აქ ირაკლი კობახიძე გამოჰყო.
ჟურნალისტმა მიმართა მოსამართლე ნინო სახელაშვილსაც და მოსამართლეს სთხოვა, გადაწყვეტილების მიღებისას, არ გაითვალისწინოს, რომ ის არის „შუა ხნის ასაკში“ მყოფი ქალი, ასევე არ გაითვალისწინოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა:
„მოგიყვებით - მშვიდ გარემოში მოულოდნელად ჩდება პოლიცია, მაქცევს შუაში და ძირს ვეცემი, გადამთელავენ. ახლა მეორე ეპიზოდი წარმოიდგინეთ, ეს სილის გაწვნის შემდეგი ეტაპია - ფეხშიშველი, შეურაცხყოფილი პოლიციის განყოფილებაში ვზივარ - ხმაურით და გინებით, ოთახში მოიწევს პირი. ძალიან ცუდია, რომ ვერ დავიმახსოვრე მათი სახელი, ვინც ამას ამარიდა. მადლობა ეკუთვნით მათ.
ეს შემოვარდნები და გინებები სამჯერ გამეორდა - ყოველი შემდეგი შემოვარდნა იმაზე უარესი იყო ვიდრე წინა. ბოლო შემოვარდნაზე სახეში შემაფურთხა - ვერასდროს წარნოვიდგენდი, რომ მეტყოდნენ „ჩაიფსას“, „არ გაიყვანოთ“. ეს პირი „დაზარალებული“ ირაკლი დგებუაძეა.
მესამე კადრი, ამის წარმოდგენა არ გჭირდებათ. საქმეში დევს 44-წამიანი კადრი - თქვენი გადასაწყვეტია, რას დაარქმევთ მას.
განაჩენის გამოტანის დროს თქვენი პროფესიის პატივისცემა და მტკიცებულებების შეფასება საკმარისია.
რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, მინდა იცოდეთ, რომ თავს გამარჯვებულად მივიჩნევ. მაშინ, როცა სახელმწიფო დამიპირისპირდა და ყველა რგოლი ჩაერთო, ვისაც არ დაეზარა ქვა და ტალახი მესროლა (სახელისუფლებო ტროლებმა), ჩემმა ადვოკატებმა შეძლეს და ფაქტებით დაუპირისპირდნენ მათ. მათ შეძლეს ხმამაღლა არგუმენტებით და მტკიცებულებებით ესაუბრათ - მათ შეძლეს, ადამიანებში ჩემს მიმართ ნდობა შემენარჩუნებინათ. დაიმახსოვრთ მათი სახელები. ჩემი პატივისცემა მათ“, - თქვა მზია ამაღლობელმა,
მასალა მომზადებულია "რადიო თავისუფლებაზე" დაყრდნობით.