დანაშაულებრივმა ჯგუფმა 151 მლნ ლარის ფიქტიური ოპერაციებით 20.3 მილიონის ყალბი დღგ-ს აქტივი შექმნა - დაკავებულია 3 პირი
დააკავეს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, რომლებმაც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ფიქტიური ფინანსური ოპერაციებით 20.3 მილიონი ლარის ყალბი დღგ-ის აქტივი შექმნეს.
უწყების ცნობით, დაკავებულია სამი პირი - საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულებმა არარსებული კომპანიები ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ პირზე დაარეგისტრირეს, რის შემდეგაც ამ კომპანიებს შორის ჯართით და მეტალურგიული ნაწარმით მიმდინარეობდა ვაჭრობა.
"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, დიდი ოდენობით, მოტყუებით, ქონებრივი დაზიანების ფაქტზე გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის სამი წევრი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, დანაშაულის შენიღბვის მიზნით, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებზე დაარეგისტრირეს კომპანიები და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, ურთიერთშორის გაწერეს 151 მილიონი ლარის ღირებულების რკინის კონსტრუქციები და ჯართი, რა გზითაც შექმნეს დღგ-ს ყალბი აქტივი - ჯამში 20 336 923 ლარის ოდენობით.
ბრალდებულების მფლობელობაში არსებული ერთ-ერთი კომპანიის მიერ ჩათვლილ იქნა დღგ - ჯამში 563 353 ლარის ოდენობით, რომელიც სრულად გამოიყენეს მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად.
ტარდება შესაბამისი ღონისძიებები სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის სრული ოდენობის დადგენისა და დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების მხილების მიზნით,"- ნათქვამია უწყების განცხადებაში.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე ვადით და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.