“გახარია საქართველოსთვის“: ჩვენი ფრაქცია გორის საკრებულოში მხარს დაუჭერს საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტს
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ ტყუილია ინფორმაცია, თითქოს პარტიის გორის საკრებულოს წარმომადგენლები უარს აცხადებენ საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის იმპიჩმენტზე.
პარტიის განმარტებით, ფრაქცია გორის საკრებულოში საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს.
გვსურს, გამოვეხმაუროთ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მიერ მიზანმიმართულად გავრცელებულ ტყუილს, რომ თითქოს ჩვენი პარტიის გორის საკრებულოს წარმომადგენლები უარს აცხადებენ საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტზე - ეს არის სიცრუე და ემსახურება ჩვენი პარტიის დისკრედიტაციას, ეხმარება მხოლოდ და მხოლოდ „ოცნებას“.
სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები „ოცნების“ ტროლებად იქცნენ.
ჩვენი ფრაქცია გორის საკრებულოში მხარს დაუჭერს საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტს“,-აღნიშნულია განცხადებაში.
გორის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, გორის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის იმპიჩმენტის სამართლებრივ პროცედურებს იწყებენ. მიზეზი მის მიერ გამოცემა The New York Times-თან ინტერვიუში გაკეთებული განცხადებებია.
სკანდალში გახვეული გორის საკრებულოს თავმჯდომარე თავის მართლების რეჟიმშია და ამტკიცებს, რომ "ნიუ იორკ თაიმსმა" მისი ინტერვიუ გააყალბა.