არცხვენს ჩვენს ქალაქს, მთელს საქართველოს - გორელები დავით რაზმაძის განცხადებას აკრიტიკებენ
სკანდალში გახვეული გორის საკრებულოს თავმჯდომარე გაუჩინარებულია - “ნიუ იორკ ტაიმსის“ რედაქციიდან მიღებული პასუხის შემდეგ, დავით რაზმაძე “პირველების“ სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობს.
გორელები გორის საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვენ. მათ შორის არის ოკუპანტების მიერ მოკლული, თამაზ გინტურის ძმა, რომელიც ამბობს, რომ რაზმაძე “დავალებებს ასრულებს, რათა ხელისუფლება შეინარჩუნოს“.
თამაზ გინტური 2008 წლის ომის მონაწილე იყო, გმირი, მარტო 2008 წლის კი არა, 90 - იანი წლები, აფხაზეთი, სამაჩაბლო, ყველა ომი ჰქონდა გამოვლილი. დავით რაზმაძე ვერ მსჯელობს კარგად, ასრულებს დავალებებს, უნდა შეინარჩუნონ ხელისუფლება, მაგრამ არაფერი აღარ გამოუვათ, ვერ შეინარჩუნებენ ვერანაირ ხელისუფლებას, - ამბობს თამაზ გინტურის ძმა.
გორელები ამბობენ, რომ ასეთი საკრებულოს თავმჯდომარე ნაომარ ქალაქს არ უნდა ჰყავდეს.
დღესაც ატყვია ამ მოედანს კასეტური ბომბების კვალი, ამის შემდეგ მშვიდობისმყოფელებს როგორ უწოდებს, მე მშვიდობას დღესაც კი ვერ ვხედავ საქართველოში. არცხვენს ჩემს ქალაქს, მთელ საქართველოს, ამას აკეთებს გორელი, 2025 წლის 20 აგვისტოს, როდესაც 2008 წლის 20 აგვისტოს რუსი ოკუპანტების მიერ იყო ქალაქი გორი ოკუპირებული, - ამბობს ადგილობრივი.
შეგახსენებთ, გორის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, გორის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის იმპიჩმენტის სამართლებრივ პროცედურებს იწყებენ. მიზეზი მის მიერ გამოცემა The New York Times-თან ინტერვიუში გაკეთებული განცხადებებია.
სკანდალში გახვეული გორის საკრებულოს თავმჯდომარე თავის მართლების რეჟიმშია და ამტკიცებს, რომ "ნიუ იორკ თაიმსმა" მისი ინტერვიუ გააყალბა.