სანქციების პანიკური შიში - რამდენ ათას დოლარს ინახავს ყოფილი გენერალური პროკურორი ქეშად?

08.09.25 21:23
სანქციების პანიკური შიში - რამდენ ათას დოლარს ინახავს ყოფილი გენერალური პროკურორი ქეშად?

გიორგი გაბიტაშვილი, დღეს, იმის უარყოფას ცდილობდა, რაც თავად ჩაწერა დეკლარაციაში. ბრიტანული სანქციების ქვეშ მოქცეული ყოფილი მთავარი პროკურორი ნაღდი ფულის სახით მილიონ ლარზე მეტს ინახავს. დოკუმენტებში, რომელიც გაბიტაშვილმა აგვისტოს დასაწყისში შეავსო, დაწერა რომ 250 ათასი ლარი და 290 ათასი ამერიკული დოლარი ე.წ ქეშად აქვს შენახული. ეს თანხა ერთად მილიონს აჭარბებს.

სანამ გაბიტაშვილს პროკურატურიდან გაუშვებდნენ და სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დანიშნავდნენ, ის 20 წელი საჯარო სამსახურში მუშაობდა, სადაც თითქმის შეუსრულებელი მისიაა, გახდე მილიონერი. გაბიტაშვილის ფინანსებმა დღეს "ქართული ოცნების" წევრებიც კი გააოცა.

175 ათასი დოლარი ყოფილმა გენ.პროკურორმა თბილისის ცენტრში ბინის გაყიდვის შედეგად მიიღო. ამ თანხას შარშან "თბს" ბანკში, ანაბარზე ინახავდა. ახლა გაბიტაშვილს არცერთ ბანკში, არანაირი ანგარიში აღარ გააჩნია. დეკლარაციიდნ ჩანს, რომ ფული სანქციებს გადაარჩინა და ანგარიშების დაცლა მოასწრო. სავარაუდოდ, ახლა ხელფასსაც ნაღდი ფულით იღებს.  

გიორგი გაბიტაშვილს სანქციები დიდმა ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო დაუწესა. ახლა საკითხავია, გაბიტაშვილმა სანქციების შიშით წინასწარ გამოიტანა ფული ბანკებიდან, თუ სანქცირების შემდეგ, ფულის გადარჩენის დრო მისცეს? ისევე, როგორც მის სანქცირებულ წინამორბედ ოთარ ფარცხალაძეს მისცეს ქონებების გადაფორმების საშუალება.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები