"ეს ექსტრადირება მის სიცოცხლეს დიდ საფრთხეს უქმნის" - ევროპარლამენტარი, კშიშტოფ ბრეიზა გიორგი კინოიანზე
პოლონელი პოლიტიკოსი და ევროპარლამენტარი, კშიშტოფ ბრეიზა სოციალურ ქსელში გიორგი კინოიანის დაკავებას ეხმიანება და წერს, რომ კოლეგებთან ერთად ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს მიმართა და ევროკავშირს სწრაფად და მტკიცედ მოქმედება სთხოვა.
მისი თქმით, ადამიანის უფლებები და ევროპული ღირებულებები უნდა იყოს დაცული და "ამ შემთხვევაში დაყოვნება ან დუმილი მიუღებელია".
ჩემს კოლეგებსა და ევროპარლამენტარებთან ერთად გამოვეხმაურეთ დაპატიმრებული კინოიანის საქმეს - ის რჩება სომხეთში და რუსეთში ელოდება ექსტრადირებას, უკრაინის მხარეს ბრძოლის გამო. ეს ექსტრადირება მის სიცოცხლეს დიდ საფრთხეს უქმნის და ჩვენ მივმართავთ პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს და ვთხოვთ ევროკავშირს რომ იმოქმედოს სწრაფად და მტკიცედ - ადამიანის უფლებები და ევროპული ღირებულებები უნდა იყოს დაცული. ამ შემთხვევაში დაყოვნება ან დუმილი მიუღებელია," - წერს კშიშტოფ ბრეიზა.
შეგახსენებთ, რომ კინოიანი სომხეთის საზღვარზე 3 სექტემბერს აიყვანეს, ის რუსეთის მოთხოვნით იძებნება. ახლა ქართველი მებრძოლი 40-დღიანი საექსტრადაციო ვადით ჰყავთ დაპატიმრებული, რაც პროცედურულად გულისხმობს, რომ ამ დროში რუსეთმა მისი ექსტრადიციისთვის საჭირო მტკიცებულებები და დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს.