კალაძის შტაბთან მომხდარი ძალადობა - ვისთან ერთად გამოჩნდა დღეს თბილისის მერი ჭავჭავაძის გამზირზე
მელიქიშვილის გამზირზე გუშინ ღამით მომხდარი ძალადობის შემდეგ, თბილისის მერი დღეს პირველად გამოჩნდა - ამ წუთებში, კახა კალაძე ჭავჭავაძის გამზირზე იმყოფება, სადაც მათ შორის იმ ადამიანებთან ერთად მივიდა, რომლებიც გუშინ აქცის მონაწილეების თქმით, ხალხის დარბევაში მონაწილეობდნენ.
კალაძეს ჯერ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. ის ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე ღონისძიებას ესწრება.
- შეგახსენებთ, რომ გუშინ, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მიმდინარე აქციის დროს "ქართული ოცნების" პარტაქტივი და ე.წ. ტიტუშკები მოქალაქეებს თავს დაესხნენ. აქციის მონაწილეებს აღენიშნებათ ფიზიკური დაზიანებები. დაპირისპირების დროს დაშავდნენ ჟურნალისტებიც.
"ოცნების" წარმომადგენლებმა მოქალაქეებს აგინეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ბოთლებს ესროდნენ.
პოლიცია ადგილზე დაპირისპირების დაწყების შემდეგ გამოჩნდა. ამ დრომდე პოლიციას "ოცნების" პარტაქტივი არ დაუკავებია.