"პოლიციელებს არ ესროდნენ [წყლის ბოთლებს], იქ ვიყავი, რას მასწავლით" - ლადო ბოჟაძე კალაძის შტაბთან მომხდარ ძალადობაზე
"ქართული ოცნების" წევრის, ლადო ბოჟაძის თქმით, თუ გუშინ, მელიქიშვილის გამზირზე, მიმდინარე აქციის დროს, ვინმე გამიზნულად დაუპირისპირდა პოლიციელს, ყველა დაისჯება.
მისი თქმით, ის გუშინ, მელიქიშვილზე იმყოფებოდა - "იქ ვიყავი, რას მასწავლით".
ჟურნალისტის სიტყვებზე, რომ დაპირისპირებისას "ოცნების" პარტაქტივი წყლის ბოთლებს ისროდა, ლადო ბოჟაძემ განაცხადა, რომ "პოლიციელებს არ ესროდნენ... პოლიციელებს არავინ არ აგინებდა".
რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების თავდასხმა მშვიდობიან მოქალაქეებზე, კახა კალაძის ოფისზე არის მიუღებელი.
პოლიციელებს ვინც აგინებდა, მოლოტოვის კოქტეილებს ვინც ესროდა, ქვებს ვინც ესროდა, ყველა არის პასუხისგებაში მიცემული.
თუ ვინმემ, გუშინ, ასევე, გამიზნულად დაუპირისპირდა პოლიციელს, ესროლა რაიმე ნივთი, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ყველა დაისჯება. პოლიციელებს არ ესროდნენ [წყლის ბოთლებს], კი, პოლიციელებს არ ესროდნენ. პოლიციელებს არავინ არ აგინებდა, კი იქ ვიყავი, რას მასწავლით. მე მივედი მას მერე...
გამოძიებას დაველოდოთ თუ ვინმე პოლიციელზე... კი [მახსოვს რის გამო ზის მზია ამაღლობელი ციხეში], იმიტომ, რომ სილა გააწნა პოლიციელს მიზანმიმართულად.
დაპირისპირების დროს თუ ვინმე ვინმემ დააზიანა, ამას გაარკვევს გამოძიება.
არ ვიცი [რის გამო ზის რეზო კიკნაძე], არ წამიკითხავს დადგენილება.
რა კადრების მეშინია, თქვენ მე ვიღაცაში გეშლებით, მშიშრები ვინ არიან ვიცი მე," - ამბობს ლადო ბოჟაძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მიმდინარე აქციის დროს "ქართული ოცნების" პარტაქტივი და ე.წ. ტიტუშკები მოქალაქეებს თავს დაესხნენ. აქციის მონაწილეებს აღენიშნებათ ფიზიკური დაზიანებები. დაპირისპირების დროს დაშავდნენ ჟურნალისტებიც.
"ოცნების" წარმომადგენლებმა მოქალაქეებს აგინეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ბოთლებს ესროდნენ.
პოლიცია ადგილზე დაპირისპირების დაწყების შემდეგ გამოჩნდა. ამ დრომდე პოლიციას "ოცნების" პარტაქტივი არ დაუკავებია.