ძალადობა მელიქიშვილზე - "ძლიერი საქართველო" მოძალადეების დასჯას ითხოვს
მელიქიშვილის გამზირზე მომხდარ ძალადობაზე პასუხისმგებობა "ქართულ ოცნებაზეა", - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" წევრმა ნიკა ჩერქეზიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
ოპოზიციონერმა, "ძლიერი საქართველოს" სახელით, საგამოძებო უწყებებს მოუწოდა, მომხდარი გამოიძიონ და ყველა დამნაშავე უმკაცრესად დასაჯონ.
მინდა, გამოვეხმაურო გუშინ მელიქიშვილის გამზირზე მომხდარ ფაქტს, როცა "ქართული ოცნების" ორგანიზებულმა ჯგუფებმა იძალადეს პროცესტის მშვიდობიან მონაწილეებზე. რა თქმა უნდა, ეს იყო ორგანიზებული მმართველი პარტიის მხრიდან, მაგრამ დაშვების დონეზე რომ დავუშვათ, რომ არ ყოფილიყო მათი მხრიდან ორგანიზებული ეს ამბავი, ბუნებრივია, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება "ქართულ ოცნებას" და ჩვენ, "ლელო - ძლიერი საქართველო" მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ გამოძიონ ეს ამბავი და ყველა დამნაშავე დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით, - განაცხადა ნიკა ჩერქეზიშვილმა.
- შეგახსენებთ, რომ გუშინ, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მიმდინარე აქციის დროს "ქართული ოცნების" პარტაქტივი და ე.წ. ტიტუშკები მოქალაქეებს თავს დაესხნენ. აქციის მონაწილეებს აღენიშნებათ ფიზიკური დაზიანებები. დაპირისპირების დროს დაშავდნენ ჟურნალისტებიც.
"ოცნების" წარმომადგენლებმა მოქალაქეებს აგინეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ბოთლებს ესროდნენ.
პოლიცია ადგილზე დაპირისპირების დაწყების შემდეგ გამოჩნდა. ამ დრომდე პოლიციას "ოცნების" პარტაქტივი არ დაუკავებია.