გურამიშვილის 5-ში, ავარიულ კორპუსში, „ოცნებამ“ პარტიული ოფისი გახსნა - "ძლიერი საქართველოს" ბრიფინგი
გურამიშვილის 5 ნომერში, სადაც 160-ზე მეტი ოჯახი ყოველდღიურად ნგრევის შიშში ცხოვრობს, "ქართულმა ოცნებამ" საკუთარი პარტიული ოფისი გახსნა, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" წევრმა ნიკა ჩერქეზიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი თქმით, მსგავსი ქმედებებით ივანიშვილის გუნდი მოსახლეობას აბუჩად იგდებს და მათ მხოლოდ საარჩევნო რესურსად იყენებს.
ჩვენ ახლა ვიმყოფებით გურამიშვილის 5 ნომერში. ეს არის ავარიული კორპუსები, სადაც ცხოვრობს 160-ზე მეტი ოჯახი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის მოსპობის რისკის ქვეშ. ჩვენ აქ არაერთხელ ვართ ნამყოფი და ვეხმარებით მოსახლეობას, რომ გავახმაუროთ ეს ამბავი, რომ მივცეთ რეზონანსი.
თქვენ იცით, რომ თბილისში 10 ათასობით ოჯახი ყოველლდღიურად იღვიძებს ნგრევის შიშის ქვეშ და აი, ასეთ ფონზე, "ქართულმა ოცნებამ" ასეთ შენობაში, ავარიულ შენობაში, რომელიც არის სიცოცხლისთვის საშიში, გახსნა საკუთარი პარტიული ოფისი.
ეს არის პირდაპირი დემონსტრირება იმისა, რომ ისინი ამ ადამიანებს, ამ კორპუსებშ მცხოვრებ ადამიანებს, მიმდებარედ მცხოვრებ ადამიანებს არ თვლიან მოქალაქეებად, თვლიან როგორც სახარჯ მასალად, როგორც პოლიტიკურ რესურსად, როგორც ელექტორალური ხმების წყაროდ და კიდევ ერთხელ ეცდებიან წინასაარჩევნოდ, რომ მოისყიდონ ეს ხალხი, მოატყუონ კიდევ ერთხელ, მიიღონ მათგან სარგებელი, მიიღონ ხმები და ამის შემდეგ ისევ სამუდამოდ დაივიწყონ.
თქვენ იცით, რომ წლების განმავლობაში ეს ხალხი ითხოვს შველას, ითხოვს დახმარებას, მაგრამ არანაირი მხარდაჭერა "ქართული ოცნების" მხრიდან არ მიუღიათ. ეს არის ცინიზმი, ეს არის დაცინვა მოსახლეობის, რომელიც წლების განმავლობაში ცხოვრობს ამ პირობებში.
ჩვენს კოალიციას, "ლელო - ძლიერ საქართველოს" აქვს კონკრეტული გეგმა. ჩვენ შევქმნით მილილარდიან ფონდს და ნაცვლად 10 მილიონისა, რომელსაც კახი კალაძე ყოვეწლიურად ხარჯავს ავარიული სახლების გამაგრებისთვის, ჩვენ ყოვეწლიურად 250 მლნ ლარს დავხარჯავთ იმისთვის, რომ გავამაგროთ ასეთი სახლები ან ჩავანაცვლოთ და არცერთ კორპუსს, არცერთ ოჯახს, არცერთ მოქალაქეს არ ადვტოვებთ ყურადღების გარეშე.
კიდევ ერთხელ ვამბობ, ავარიულ შენობებშ საკუთარი პარტიული ოფისების გახსნა არის პრიდაპირი დემონსტრირება იმისა, რომ "ქართული ოცნება" აშენდა - თბილისი დაინგრა და ეს არის ამ ხალხის, მაცხოვრებლების აბუჩად აგდება, არაფრად ჩათვლა და ამ ადამიანების მხოლოდ ელექტორალური მიზნით გამოყენება. ისინი ამ ხალხს არ თვლიან მოქალაქეებად, - განაცხადა ჩერქეზიაშვილმა.