ბუტიკაშვილი: დოკუმენტში, რომელიც „ოცნებამ“ ევროკომისიას გადაუგზავნა, ტყუილები წერია
კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი გიორგი ბუტიკაშვილი ამბობს, რომ დოკუმენტში, რომელიც "ოცნებამ" ევროკომისიას რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით გადაუგზავნა, ტყუილებია მითითებული და არ შეესაბამება სიმართლეს.
მისი თქმით, ივანიშვილის გუნდი ცდილობს საზოგადოების მოტყუებას, თითქოს უვიზო რეჟიმის შეჩერება არ ემუქრება, მაშინ როცა ყველა ინდიკაცია საპირისპიროზე მიუთითებს.
იმ დოკუმენტში წერია ტყუილები და არ შეესაბამება სიმართლეს. შესაბამისად, ეს ვიცით ჩვენ, ეს იცის ევროკავშირმა. არ უნდა მოვიტყუოთ და არ უნდა მოიტყუოს "ქართულმა ოცნებამ", მოატყუოს თავისივე ამომრჩეველი, რომ თითქოს მათ რამე სცადეს. 4 ოქტომბრამდე ისინი ცდილობენ დროის მოგებას, საზოგადოების დამშვიდებას და მოტყუებას, რომ უვიზო არ შეჩერდება, თუმცა ყველანაირი ინდიკაცია არსებობს იმის, რომ საქართველოსნაირ მსგავს სახელმწიფოებს ის პრივილეგიები არ აქვთ, ასეთ რამ არსებობს, რომ საქართველოს მსგავს ავტოკრატიულ სახელმწიფოებს ჰქონდეს ტავისუფალი მიმოსვლა ევროკავშირთან, - ამბობს ბუტიკაშვილი.
31 აგვისტოს, დადგენილი ვადის ბოლო დღეს, „ქართული ოცნების“ მთავრობამ ევროკომისიას 55-გვერდიანი ანგარიში წარუდგინა, სადაც ამტკიცებს, რომ „ევროინტეგრაციისადმი ერთგულია“.
„რადიო თავისუფლების“ ბრიუსელის წყაროს მიხედვით, პასუხები დაუსაბუთებელია და ვერ პასუხობს ევროკომისიის შეშფოთებას.
ივნისში ცნობილი გახდა, რომ საქართველოს დემოკრატიის „სერიოზული უკუსვლის“ გამო, კომისია უვიზო მიმოსვლის შეჩერებას განიხილავდა. რეკომენდაციებით, საქართველოს აგვისტოს ბოლომდე უნდა გაეუქმებინა შეკრებისა და გამოხატვის შემზღუდველი კანონები და შეეტანა ცვლილებები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონებში.