რითი უნდა დავინტერესდე? - კალაძის მოადგილე ამტკიცებს, რომ აქტივისტების ცემის შესახებ არაფერი იცის

09.09.25 13:31
რითი უნდა დავინტერესდე? - კალაძის მოადგილე ამტკიცებს, რომ აქტივისტების ცემის შესახებ არაფერი იცის

 

 

ვინ უნდა დაიჭირონ, რატომ უნდა დაიჭირონ ... ეს ჩემი კომპეტენცია არ არის - ამის შესახებ კახა კალაძის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა,  რითაც „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, მისი კომპეტენცია პროექტებზე საუბარი და მსჯელობაა. 

არ ვიცი, არ მაქვს არანაირი ინფორმაცია, დღე და ღამე, 24 საათიან რეჟიმში ჩემ თანამშრომლებთან და კომპანიებთან ერთად ვართ ამ ობიექტზე. ამხელა პროექტი გაიხსნა ქალაქში, ერთი სიტყვით ხომ შეგიძლიათ, რომ ეგეც აღნიშნოთ. 

არ მაქვს ინფორმაცია. არა იშვიათად ვარ ხოლმე [ქვეყანაში], დღეს მომიწია ჩამოსვლა და ერთი თვე აღარ ვიქნები აქ. 

პროექტთან დაკავშირებით თუ რამე კითხვა გაქვს მკითხე და გიპასუხებ. ყველანაირი ძალადობა მიუღებელია, ამაში გეთანხმებით. არ ვიცი, მე როგორ გაგცე პასუხი ვინ არის დაკავებული და ვინ არა. რითი უნდა დავინტერესდე, რითიც უნდა დავინტერესდე, ვინტერესდები და 24 საათიან რეჟიმში ვაკეთებ, მაგრამ ვინ უნდა დაიჭირონ, ვინ არ უნდა დაიჭირონ, ან რატომ არ არის დაკავებული ეგ არც ჩემი კომპეტენციაა, მაგაზე მე ვერ გაგცემთ პასუხს," - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მიმდინარე აქციის დროს "ქართული ოცნების" პარტაქტივი და ე.წ. ტიტუშკები მოქალაქეებს თავს დაესხნენ. აქციის მონაწილეებს აღენიშნებათ ფიზიკური დაზიანებები. დაპირისპირების დროს დაშავდნენ ჟურნალისტებიც. 

"ოცნების" წარმომადგენლებმა მოქალაქეებს აგინეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ბოთლებს ესროდნენ. 

პოლიცია ადგილზე დაპირისპირების დაწყების შემდეგ გამოჩნდა. ამ დრომდე პოლიციას "ოცნების" პარტაქტივი არ დაუკავებია.

მსგავსი სიახლეები