"ქართულმა ოცნებამ" ნაცემ აქტივისტებს პოლიციაში უჩივლა

09.09.25 16:30
"ქართულმა ოცნებამ" ნაცემ აქტივისტებს პოლიციაში უჩივლა

"ქართულმა ოცნებამ" გუშინ კახა კალაძის შტაბთან ნაცემ აქტივისტებს პოლიციაში უჩივლა - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლების განცხადების საფუძველზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც წინასაარჩევნო აგიტაციის და წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობას ან ძალადობის მუქარას გულისხმობს.

როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მიმდინარე წლის 8 სექტემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, კახი კალაძის საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

გარდა აღნიშნულისა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლების განცხადების საფუძველზე, გამოძიება დამატებით, კიდევ ერთ საქმეზე-სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც წინასაარჩევნო აგიტაციის და წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობას ან ძალადობის მუქარას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა მოქალაქეს წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას თავი შეიკავონ ძალადობის, ძალადობის პროვოცირების და სხვა ისეთი მოქმედებებისგან, რომელიც აზიანებს წინასაარჩევნო გარემოს და ხელს უშლის საარჩევნო სუბიექტებს  კამპანიის წარმოებაში, რაც თავის მხრივ კანონით დასჯადი ქმედებაა", -წერია შსს-ს განცხადებაში. 

  • შეგახსენებთ, რომ გუშინ, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მიმდინარე აქციის დროს "ქართული ოცნების" პარტაქტივი და ე.წ. ტიტუშკები მოქალაქეებს თავს დაესხნენ. აქციის მონაწილეებს აღენიშნებათ ფიზიკური დაზიანებები. დაპირისპირების დროს დაშავდნენ ჟურნალისტებიც. 

"ოცნების" წარმომადგენლებმა მოქალაქეებს აგინეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ბოთლებს ესროდნენ. 

პოლიცია ადგილზე დაპირისპირების დაწყების შემდეგ გამოჩნდა. ამ დრომდე პოლიციას "ოცნების" პარტაქტივი არ დაუკავებია.

 

მსგავსი სიახლეები