ხოშტარია: 13 სექტემბერს მსოფლიოს უნდა ვაჩვენოთ, რომ ქვეყანას რუსულ უმცირესობას არ დავუთმობთ
„ჩვენ ეს ქვეყანა არ უნდა დავუთმოთ რეჟიმს, რომელსაც უნდა, რომ მოგვაქციოს იზოლაციაში და წაგვართვას ევროპული მომავალი,“ - ამის შესაებ „ცვლილებებისთვის“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი თქმით, 13 სექტემბერს, 19:00 საათზე, თსუ-დან დაგეგმილი მსვლელობა უნდა გახდეს მკაფიო სიგნალი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, რომ საზოგადოება მზად არის იბრძოლოს ევროპული და ღირსეული მომავლისთვის.
ხოშტარია აღნიშნავს, რომ დღეს საფრთხის ქვეშ დგას არა მხოლოდ საქართველოს ევროპული გზა, არამედ უვიზო მიმოსვლაც, რის მთავარ მიზეზადაც ის „რუსულ ოცნებას“ ასახელებს.
აქ არიან ადამიანები, იმ ჯგუფების წარმომადგენლები, ცალკეული მებრძოლები, რომელთა მხრებზეც თვეების და ზოგის წლების განმავლობაში გადადის ჩვენი სახელმწიფოებრიობა, თავისუფლება და ჩვენი ქვეყნის მომავალი. ამ ადამიანების ჯანმრთელობის, თავსუფლების ხარჯზე ჩვენ ვინარჩუნებთ ჩვენს სახელმწიფოს.
ჩვენ ვნახეთ, რომ როდესაც ჩვენ ვდგავართ ერთად და ხმამაღლა ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის დასავლურ, ღირსეულ მომავალზე, ჩვენ მივიწევთ წინ. ჩვენ ეს ქვეყანა არ უნდა დავუთმოთ რეჟიმს, რომელსაც უნდა, რომ ჩვენ მოგვაქციოს იზოლაციაში, წაგვართვას ღირსება, წაგვართვას ადამიანობა, წაგვართვას ევროპული მომავალი.
დღეს არა მხოლოდ ევროპული მომავალი, არამედ ის მიღწევა, რაც იყო უვიზო მიმოსვლა ევროპაში, არის ძალიან სერიოზული საფრთხის ქვეშ და ამ საფრთხის ერთადერთი მთავარი მაჩვენებელი არის რუსული ოცნება.
ამიტომ, ჩვენ, 13-ში, 19:00 საათზე თსუ-დან მსვლელობით მთელ მსოფლიოს და ერთმანეთს უნდა ვანახოთ, რომ არ ვაპირებთ, დაუთმოთ ეს ქვეყანა რუსულ უმცირესობას და ვაპირებთ ვიბრძოლოთ ჩვენი ევროპული და ღირსეული მომავლისთვის, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.