პასუხისმგებლობისგან გაქცეული "ოცნება" - იერიში აქციის მონაწილეებზე და არცერთი სიტყვა ხალხის წინააღმდეგ ძალადობაზე
"მადლობა ბიჭებს ესეთი ვაჟკაცობისთვის თორე ხელები ექავებოდათ"- კალაძის შტაბის ხელმძღვანელი "ოცნების" მოძალადე რაზმს ამჯერად პირდაპირ ეთერში აგულიანებს და ძალადობაზე პასუხისმგებლობას სრულად იხსნის.
ლევან მაჭავარიანი თან ამტკიცებს, რომ გუშინ შტაბის კარის გახსნის შემთხვევაში "ოცნების" ტიტუშკები ხალხს ისევ სცემდნენ, თან არაერთი ვიდეო მასალის არსებობის მიუხედავად, გვარწმუნებს რომ საგანგებოდ მობილიზებულ მოძალადეებს ოფისის წინ არავინ უცემიათ.
ლევან მაჭავარიანს დღეს ნერვებმა არაერთხელ უმტყუნა. ის "ტვ პირველს" ინტერვიუების ჩაწერას არავისთან აცდიდა და განსაკუთრებით აქტიურობდა. კომენტარის გაკეთება არ აცადა კოლეგა, არჩილ გორდულაძესაც.
"ოცნების" საარჩევნო შტაბში გუშინ მოძალადეთა რაზმი ისევ იყო მობილიზებული. კამერებმა კალაძის ოფისში დააფიქსირა ეროვნული ნაკრების მოქმედი მორაგბე ნოდარ ჭეიშვილიც, თუმცა ხალხის სიმრავლის გამო, გარეთ გამოსვლა და დემონსტრანტებზე ფიზიკური ანგარიშსწორება გუშინ ვეღარავინ გაბედა. განსხვავებით წინა დღეებისგან, როცა პროტესტის მონაწილეთა მარშს კალაძის შტაბთან მუდმივად აგრესიული ახალგაზრდები ხვდებოდნენ. მათ შორის ერთ-ერთი ძიუდოისტი, ვარლამ ლიპარტელიანია.
ძალადობას თან გმობდა და თან საკუთარ გუნდს ისევ ძალადობისკენ აქეზებდა დღეს კახა კალაძეც. დედაქალაქის მერი პროტესტის მონაწილეებს სახე დაკარგულებს უწოდებს, მათ ლანძღავს და პარტიის შტაბში ორგანიზებულ ძალადობაზე პასუხისმგებლობას სრულად იხსნის.
ოცნების მერობის კანდიდატი პროტესტის მონაწილეებს თითს უქნევს და მისი ბანერის დაზიანების გამო ყველას ემუქრება. მთელი ღამე ექსპერტ -კრიმინალისტები ადგილზე ამუშავეს, ეძებდნენ ანაბეჭდებს ბანერზე და სავარაუდოდ, დნმ-ების კვალს იმის დასადგენად, ვინ მიაწერა კალაძეს რუსის მონა.