"იმდენად უცნაური დანაშაულია, საერთოდ რა სქემაა, მიჭირს წარმოდგენა"- პაპუაშვილის პასუხი ფულის გათეთრების სკანდალზე
"იმდენად უცნაური დანაშაულია, საერთოდ რა სქემაა, მიჭირს წარმოდგენა" - ასე ეხმიანება შალვა პაპუაშვილი ფულის გათეთრების სკანდალს. მისი მტკიცებით, მსხვილი ფინანსური მაქინაციები არ ნიშნავს პროცესში ხელისუფლების მონაწილეობას და პასუხისმგებლობა კონკრეტულ პირებზეა.
პაპუაშვილის განცხადებით, „მაქინატორის ტვინი“ სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ იცოდეს, როგორ დაფაროს ოპერაციები.
"დანაშაული ყველა ქვეყანაში ხდება" - უთხრა მედიას მან.
ვნახეთ, რომ მართლაც არნახულ თანხებზეა საუბარი, რომელიც საქართველოში შემოდიოდა იმ მიზნით, რომ მომხდარიყო კონვერტაცია სხვა ვალუტაში. პროკურატურა ჩაეძიება მთლიანად ამ საკითხს. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა სქემა იყო ასეთი აწყობილი, როდესაც ასეთი თანხები მოკლე დროში ტრიალებდა საქართველოში...
იმდენად უცნაური დანაშაულია, საერთოდ რა სქემაა, მიჭირს წარმოდგენა ანუ რა ხდებოდა, ამაში გაგვარკვევს კიდევ პროკურატურა, იმდენად უცნაური დანაშაულია თავისი არსით, დამეთანხმებით. ვიღაცებს უცხოეთიდან შემოჰქონდათ თავისი რაღაც უცხო ვალუტა, რომ საქართველოში დოლარში გადაეცვალათ. ცოტა ვერ ვხვდები რა სარგებელს პოულობდნენ ამ ყველაფრისგან. ცოტა გაუგებარი სქემა. ამიტომ საერთოდ არ ვიცი რა ტიპის სქემა იყო“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
„პირველებმა“ დაადგინა კომპანია, რომლის შეფიც ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს. კომპანია „ფინის“ 49 წლის მფლობელს, კახა კოტორაშვილს პროკურატურა 625 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს გათეთრებას ედავება.
"პირველებისთვის" ასევე ცნობილი ხდება, რომ გამოძიება დაკავებულის მხრიდან იმ ადამიანების გვარების დასახელებას ელოდება, ვისაც მისთვის მილიონები გასათეთრებლად მიჰქონდა. ირკვევა, რომ დაკავებული და მისი კომპანია გამოიყენეს ამ სქემისთვის, ხოლო მილიარდ ლარზე მეტი თანხა სხვას ეკუთვნოდა.
აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო უწყებას დაკავებულის ინიციალებიც კი არ გაუსაჯაროვებია. არ გავრცელებულა არც დაკავების კადრები.