მივა თუ არა "ოცნების" მაღალჩინოსნებამდე დიდი ფულის გათეთრების კვალი?
როგორ შემოვიდა ქვეყანაში 2 მლრდ ლარი შავი ფული? - თანხა, რომლის გათეთრებასაც პროკურატურა ერთ კაცს ედავება, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 2 პროცენტია და თითქმის ტოლია დედაქალაქის წლიური ბიუჯეტის.
გამოძიების ვერსიით, ამხელა ფული შემოიტანეს სახმელეთო საზღვრით, ავტომობილებში მოწყობილი სამალავებით. თუ 625 მლნ დოლარს 100 დოლარიან კუპიურებად დავყოფთ და ავწონით, საუბარია მინიმუმ 6 ტონაზე. ამ ფულის გადმოსატანად საჭირო იქნებოდა დაახლოებით 600 ჩანთა. როგორ შეიძლებოდა ეს მასშტაბი ქვეყანაში ყველა პასუხისმგებელ უწყებას გამორჩენოდა.
ფულის გათეთრების სქემაზე მინიმუმ 4 პასუხისმგებელი უწყება იკვეთება - საბაჟო, რომლის გავლითაც ქვეყანაში ფული უნდა შემოსულიყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო და სუსი, რომლებსაც არ უნდა გამორჩენოდათ მილიონობით შავი ფულის შემოტანა და გამოეძიებინათ და ეროვნული ბანკი, რომლის პირდაპირი მოვალეობაცაა ფულის გათეთრების კონტროლი. ყველას გამორჩა თუ ყველამ თვალი დახუჭა? - ეს არის ახლა მთავარი კითხვა. ყოველ შემთხვევაში არავის სჯერა, რომ ერთმა კაცმა ამხელა სქემა შექმნა და შემდეგ მილიონები ყოველგვარი დახმარების გარეშე გაათეთრა.
ეროვნულ ბანკს ის სავალუტო ჯიხური, რომელშიც ფული თეთრდებოდა, დაჯარიმებულიც კი არ ჰყავს. არადა მხოლოდ 2025 წელს იგივე დანაშაულის რისკის გამო 7 ჯიხური დააჯარიმეს. როგორ შემოვიდა ყველასთვის უხილავად ქვეყანაში ამდენი შავი ფული?! ეკონომისტები ფიქრობენ, რომ თანხა რუბლებში შემოედინებოდა, შემდეგ ხურდავდებოდა, თეთრდებოდა და სხვადასხვა ანგარიშებზე ირიცხებოდა.