ყაველაშვილი აშშ-გან და EU-გან "სამართლიან და ღირსეულ დამოკიდებულებას" ითხოვს - გამოსვლა გაეროში
მიხეილ ყაველაშვილი აშშ-გან და ევროკავშირისგან "სამართლიან და ღირსეულ დამოკიდებულებას" ითხოვს - ამის შესახებ "ოცნების" პრზიდენტმა გაეროში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ყაველაშვილმა დასავლელ პარტნიორებს დიპლომატიური ენა დაუწუნა და თქვა, რომ "შანტაჟის, ულტიმატუმებისა და დაშინების ენით საუბარს, არ შეეგუებიან".
ყაველაშვილმა გამოთქვა დიალოგის მზაობა ყველა მხარესთან, თუმცა თქვა, რომ „ვითხოვთ პატივისცემას, სამართლიან და ღირსეულ დამოკიდებულებას“.
ჩვენს გარშემო არსებული მრავალი გამოწვევის მიუხედავად, ჩვენ შევძელით ჩვენი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. საქართველოს ხელისუფლების ძირეულ ფილოსოფიად რჩება შევინარჩუნოთ მშვიდობა და რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ჩვენს ხალხს თავიდან ავარიდოთ ომი. უკვე მეოთხე წელია, რაც უკრაინაში საშინელი, სისხლისმღვრელი ომი მიმდინარეობს, რომელსაც კატასტროფული შედეგები და უზარმაზარი ადამიანური მსხვერპლი მოჰყვა. 2008 წლის ომის მწარე გამოცდილების გათვალისწინებით, რომლის იარები დღემდე არ მოუშუშებია ქართველ ხალხს, ჩვენ ბევრზე უკეთ გვესმის ის ტკივილი, რასაც დღეს უკრაინელი ერი განიცდის. დღესაც, როგორც უწინ, საქართველო უკრაინელი ხალხის მიმართ მტკიცე და ურყევ მხარდაჭერას გამოხატავს“,- თქვა მან.
ჩვენი ამოცანაა კონსტრუქციული, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთსარგებლობაზე დაფუძნებული ურთიერთობები განვავითაროთ ისეთ ძლიერ ეკონომიკებთან როგორიცაა აშშ, ჩინეთი, ევროკავშირი თუ სხვა.
ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი დიალოგისა და თანამშრომლობისთვის, მაგრამ ამავდროულად ვითხოვთ სამართლიან და ღირსეულ დამოკიდებულებას. რასაც ქართველი ხალხი არ შეეგუება ესაა ულტიმატუმების, შანტაჟისა და დაშინების ენით საუბარი“,- თქვა ყაველაშვილმ
ყაველაშვილის თქმით, საქართველო მიესალმება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სამშვიდობო ინიციატივა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, “ისევე როგორც მის ძალისხმევას, მალე დასრულდეს რუსეთ-უკრაინის სისხლისმღვრელი ომი“.
როგორც გამოსვლისას ყაველაშვილმა აღნიშნა, გეოგრაფიული მდებარეობისა და პრაგმატული საგარეო პოლიტიკის წყალობით, საქართველო მრავალგანზომილებიან და მულტიფუნქციურ რეგიონულ ჰაბად ყალიბდება, როგორც ვაჭრობის, ასევე ენერგოტრანზიტის მიმართულებით.
სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან მჭიდრო ურთიერთობები, ევროკავშირთან არსებული შეთანხმებები და შუა დერეფანში საქართველოს საკვანძო პოზიცია, ჩვენი ქვეყნის როლს, როგორც რეგიონში, ასევე ევრაზიის კონტინენტზე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. საქართველო, უმოკლესი დამაკავშირებელი გზა და ბუნებრივი ხიდია, ევროპასა და აზიას, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობისა და პრაგმატული საგარეო პოლიტიკის წყალობით, საქართველო მრავალგანზომილებიან და მულტიფუნქციურ რეგიონულ ჰაბად ყალიბდება, როგორც ვაჭრობის, ასევე ენერგოტრანზიტის მიმართულებით. საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს შუა დერეფნის სტრატეგიული მარშრუტის განვითარებაში და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დერეფანი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ყველაზე უსაფრთხო, სანდო და სტაბილურ დამაკავშირებელ მარშრუტად იქცეს. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო ინვესტორებთან, ვავითარებთ ინფრასტრუქტურას და ხელს ვუწყობთ ახალი ენერგო-სატრანზიტო გზების ჩამოყალიბებას, ეს ყველაფერი კი, საბოლოო ჯამში, აზიური და ევროპული ბაზრის დაკავშირებადობის ხარისხს ზრდის“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მან სიტყვით გამოსვლისას, შუა დერეფნის განვითარების ფარგლებში, საქართველოს მიერ დაწყებულ სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.
„შუა დერეფნის განვითარების ფარგლებში, საქართველომ სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები წამოიწყო, რომლებიც სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტირების მოცულობისა და ინტენსივობის გაზრდას ემსახურება. მათ შორის, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი უკვე დასრულებულია, ხოლო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტისა და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტებზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. აღნიშნული პროექტები, ერთი მხრივ, შუა აზიისა და სამხრეთ კავკასიის, ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნების დანარჩენ მსოფლიოსთან საზღვაო კავშირს უზრუნველყოფს, ხოლო მეორე მხრივ, ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტები ხელს უწყობს ენერგომარშრუტების დივერსიფიკაციას, რითაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონების ენერგოუსაფრთხოებას. შუა დერეფნის განვითარებისა და ორი უდიდესი ბაზრის, აზიისა და ევროპის დაკავშირებადობის გაუმჯობესების მიზნით, უკვე მერვე წელია, რაც საქართველო თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმს“ მასპინძლობს. ეს არის საერთაშორისო დიალოგისა და ახალი შესაძლებლობების პლატფორმა, რომელსაც 60-ზე მეტი ქვეყნიდან 2 ათასამდე დელეგატი ესწრება“,- განაცხადა მან.
ყაველაშვილის განცხადებით, სწორედ საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული და რაციონალური პოლიტიკის დამსახურებაა, რომ ქვეყანამ შეინარჩუნა მშვიდობა და ეკონომიკური ზრდა.
„საქართველო გაეროს დეკლარაციის ფუნდამენტური პრინციპებისა და ღირებულებების ერთგული და საერთაშორისო საზოგადოების ღირსეული და პასუხისმგებლობით აღსავსე წევრია, რაც იმითაც დასტურდება, თუ რამხელა ძალისხმევა გაიღო, საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით. სწორედ ხელისუფლების პრაგმატული და რაციონალური პოლიტიკის დამსახურებაა, რომ შევინარჩუნეთ მშვიდობა და ეკონომიკური ზრდა, რითაც ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ. გასულ წლებში, უამრავი გამოწვევის მიუხედავად, საქართველომ გარე შოკების მიმართ შთამბეჭდავი მედეგობა გამოავლინა. საქართველოს განვითარების პოზიტიური დინამიკა ასახულია და დასტურდება მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციების საერთაშორისო რეიტინგებითა და პარამეტრებით“,- განაცხადა ყაველაშვილმა.
მან სიტყვით გამოსვლისას საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე მიხეილ ყაველაშვილმა საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მყოფ აფხაზ და ოს ძმებსა და დებს მიმართა.
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპაციის ქვეშ რჩება, ჩვენ დიდი ენერგიითა და შემართებით ვაგრძელებთ განვითარებასა და წინსვლას. ჩვენ გვაკისრია მისია, რომ ჩვენმა შვილებმა უფრო ძლიერ, ღირსეულ საქართველოში და მშვიდობიან მსოფლიოში იცხოვრონ. ახლა კი, მინდა მივმართო, საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მყოფ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებსა და დებს. საუკუნეების მანძილზე ჩვენ ერთად ვწერდით საქართველოს ისტორიას. ისტორიას, რომელიც სავსეა ჩვენი წინაპრების გმირობებით, საერთო ბრძოლით, ჩვენი ერის თვითგადარჩენისა და სამშობლოს სიყვარულისთვის. ჩვენ არასდროს ვყოფილვართ დიდი იმპერია, რომელიც სხვებს საკუთარ წესებს თავს მოახვევდა. ჩვენ ყოველთვის ვიყავით ქვეყანა, რომელიც ამაყობდა საკუთარი მრავალფეროვნებით. საქართველო არის ადგილი, სადაც ცივილიზაციები საუკუნეების მანძილზე ხვდებოდნენ, ერწყმოდნენ და აბალანსებდნენ ერთმანეთს. ჩვენი კულტურა კი ამ რთული და მუდმივი სინთეზის პირმშოა. ჩემო აფხაზო და ოსო ძმებო და დებო, ჩვენი კულტურული კოდი არ შეცვლილა. ჩვენთვის მრავალფეროვნება არა პრობლემა, არამედ კვლავ არსებობის აუცილებელი ფორმულაა, ამიტომ საოკუპაციო ხაზის მიღმა მყოფ თანამოძმეებს ყოველთვის ღია გულითა და გაშლილი ხელით შეგხვდებით. ჩვენი ვალია, რომ ერთობლივი ძალისხმევით გადავლახოთ ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებები, აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდები, წარსული წყენები კი, როგორც გამორჩეულად სულგრძელმა ხალხმა, წარსულს მივაბაროთ. მე მწამს, რომ ერთ დღესაც ჩვენს შვილებთან ერთად, ერთიან, ბედნიერ და განვითარებულ საქართველოში ვიცხოვრებთ, სადაც ჩვენს ჰარმონიულ თანაცხოვრებას ხელს ვერაფერი შეუშლის. აქვე, მინდა მადლობა გადავუხადო საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საქართველო მზადყოფნას გამოთქვამს და ღიაა, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, დიალოგი აწარმოოს გლობალური თუ რეგიონული მნიშვნელობის საკითხებზე უკლებლივ ყველა მხარესთან.
საქართველო, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, თანამედროვე ისტორიის საკვანძო მომენტს გადის. ჩვენ ვცხოვრობთ გარდამავალ ეპოქაში, სადაც ჯერ კიდევ ბუნდოვანია, თუ როგორი იქნება მომავალი საერთაშორისო წესრიგი. გაერთიანებულმა ერების ორგანიზაციამ, უნდა უზრუნველყოს ჩვენი პლანეტის ტრანზიცია, მშვიდობიან, სტაბილურ და სამართლიან, მრავალპოლუსიან საერთაშორისო წესრიგზე. საქართველო, როგორც საერთაშორისო საზოგადოების პასუხისმგებლიანი წევრი, მზადაა ხელი შეუწყოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციას გახდეს ომის გარდაუვალი ალტერნატივა და მშვიდობის მთავარი გარანტორი. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენ მზადყოფნას გამოვთქვამთ და ღია ვართ ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, დიალოგი ვაწარმოოთ გლობალური თუ რეგიონული მნიშვნელობის საკითხებზე უკლებლივ ყველა მხარესთან. არსებული რეალობა ჩვენგან მოითხოვს, რომ რთულ საკითხებს თვალი გავუსწოროთ და დავიწყოთ ღია, პრაგმატული და შედეგებზე ორიენტირებული დიალოგი. ვფიქრობ, მხოლოდ ასე შევძლებთ საერთო გლობალური გამოწვევების დაძლევას და ახალი შესაძლებლობების გახსნას ჩვენი ქვეყნების, ხალხებისა და მომავალი თაობების სასარგებლოდ“,- განაცხადა მან გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.