"ჩვენ ფინანსურად გვეხმარებოდა ნიკა და არა ირაკლი გილაური" - კოალიცია "ცვლილებისთვის" სააკაშვილის განცხადებას პასუხობს
მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ "ირაკლი გილაური აქტიურად ხელს აფათურებს ოპოზიციაშიც და ბევრ პოლიტიკოსს ფულს უხდის იმისთვის, რომ არ გამოვიდნენ 4 ოქტომბრის აქციაზე", კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ლიდერი, თენგო თევზაძე პასუხობს და ამბობს, რომ მათ ფინანსურად არა ირაკლი, არამედ ნიკა გილაური ეხმარებოდათ, სხვა მნიშვნელოვან დონორებთან ერთად.
თევზაძის თქმით, ეს მხოლოდ არჩევნების პერიოდში ხდებოდა და ახლა მათ არანაირი კომუნიკაცია არ აქვთ.
ჟურნალისტის კითხვაზე, რას გულისხმობდა სააკაშვილი ამ განცხადებით, თევზაძე ამბობს, რომ თავად მას უნდა ჰკითხონ.
ჩვენ გვეხმარებოდა ნიკა გილაური და არა ირაკლი, ფინსანსურადაც, სხვა მნიშვნელოვან დონორებთან ერთად. ეს დეკლარირებულია, როგორც სხვა ყველა შემოწირულობა და მხარდაჭერა, რადგან ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც შევასრულეთ კანონით გათვალისწინებული ყველა პირობა. მხარს გვიჭერდა წინასაარჩევნოდ, როგორც სხვა მნიშვნელოვანი დონორი. ნიკა გილაურია თუ არა მიხეილ სააკაშვილის სიტყვების ადრესატი, მას უნდა ჰკითხოთ, ირაკლის მე პირადად არ ვიცნობ, ნიკას მხოლოდ ერთხელ ვარ შენახვედრი, მცირე დროით, არ ვიცი, რას გულისხმობს, მაგრამ დეკემბერში, მიხეილ სააკაშვილის განცხადება ვიცი, როცა მასზე, როგორც ერთ-ერთ საუკეთესო მეგობარზე საუბრობს. ახლა მასთან არანაირი კომუნიკაცია არ გვაქვს, არჩევნების შემდეგ არ გვქონია. ის დახმარების ნაწილი, რაც შეიძლება მან გაგვიწია, მოხმარდა ივანიშვილის დასუსტებას და ოთხივე პოლიტიკური ლიდერი ციხეშია, ეს ნიშნავს იმას, ვინ არის მთავარი მოწინააღმდეგე „ოცნების“, - განაცხადა თენგო თევზაძემ.