„სალამ“: ანტიკორუფციულმა ბიურომ ჩვენს წინააღმდეგ დაიწყო რეპრესიული კანონის ამოქმედება
ანტიკორუფციული ბიურო პლატფორმა „სალამისგან" „გარკვეული სახის მოცულობითი და დეტალური ინფორმაციის მიწოდებას“ ითხოვს. განცხადება პლატფორმამ რამდენიმე საათის წინ გამოაქვეყნა.
ორგანიზაცია თვლის, რომ წერილი მათ წინააღმდეგ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებშია გამოგზავნილი.
„ანტიკორუფციულმა ბიურომ პლატფორმა „სალამ-ის“ წინააღმდეგ დაიწყო რეპრესიული კანონის ამოქმედება.
დღეს, 25 სექტემბერს პლატფორმა „სალამ-მა“ ჩაიბარა ანტიკორუფციული ბიუროს წერილი, რომელიც პლატფორმის წინააღმდეგ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებშია გამოგზავნილი. წერილის თანახმად, წარმოება დაწყებულია „გრანტის შესახებ“ კანონზე დაყრდნობით და ბიურო პლატფორმა „სალამს“ სთხოვს გარკვეული სახის მოცულობითი და დეტალური ინფორმაციის მიწოდებას.
გაცნობებთ, რომ პლატფორმა „სალამი“ წარმოადგენს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციას.[…]
რეპრესიული კანონების მიღებამ მნიშვნელოვნად გააუარესა პლატფორმა „სალამ-ის“ მდგომარეობა და შექმნა (და კვლავაც ქმნის) ხელოვნურ ფინანსურ, სამართლებრივ და პოლიტიკურ ბარიერებს. შედეგად, პლატფორმას ეზღუდება შესაძლებლობა, ეფექტიანად დაიცვას ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებები.
დღეს რეპრესიული კანონების მეშვეობით ხდება მცდელობა, რომ უმცირესობებს, რომლებსაც ისედაც შეზღუდული უფლებები აქვთ, სრულად წაერთვათ მათთვის დარჩენილი ბერკეტებიც. პლატფორმა „სალამი“ განაგრძობს ბრძოლას და არ დაუშვებს უმცირესობების უფლებების წართმევას“, – წერია განცხადებაში.