ევროკავშირი ცდილობს, როგორმე გადაგვარჩინოს და ჭაობიდან ამოგვიყვანოს - ცისკარიშვილი

26.09.25 11:39
ევროკავშირი ცდილობს, როგორმე გადაგვარჩინოს და ჭაობიდან ამოგვიყვანოს - ცისკარიშვილი

„ოცნების“ ქმედებები არ ჯდება ევროპულ ღირებულებათა სისტემაში და ამიტომაც არიან შეშფოთებულნი ჩვენი მეგობრები, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი, რომელიც ევროსაბჭოში ევროკავშირის დელეგაციის განცხადებას ეხმაურება.

ცისკარიშვილის თქმით, საქართველო, რომელიც ადრე გეოპოლიტიკურად და დემოკრატიული სტანდარტებით ევროპაზე იყო ორიენტირებული, დღეს რუსეთისა და ბელორუსიის გზას ადგას.

პოლიტიკოსი ამბობს, რომ ევროკავშირი ახლა ცდილობს, საქართველო ჭაობიდან ამოიყვანოს. 

 

რა თქმა უნდა, ეს არ ჯდება ევროპულ ღირებულებათა სისტემაში და აქედან გამომდინარე არიან შეშფოთებულები ჩვენი მეგობრები. ფიქრობენ, რომ საქართველო, რომელიც იყო ერთ დროს მართლაც გეოპოლიტიკურად, თავისი დემოკრატიული სტანდარტებით ევროპაზე ორიენტირებული, ახლა შემობრუნდა და რუსეთის და ბელორუსიის გზას დაადგა. ამიტომაც, ისინი ცდილობენ, როგორმე გადაგვარჩინონ, ხელი მოგვკიდონ და ამოგვათრიონ იმ ჭაობიდან, საითაც ქოცები მიექაჩებიან საქართველოს და მთლიანად ქართულ საზოგადოებას, - ამბობს ცისკარიშვილი. 

ევროსაბჭოში ევროკავშირის დელეგაცია შეშფოთებულია საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობით.

განცხადებაში "ოცნების" ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაიცვას შეკრების, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლება, გამოიძიოს ძალის გადამეტების ყველა შემთხვევა და პასუხისმგებლობა დააკისროს დამნაშავეებს.

დოკუმენტში ხაზგასმულია სასამართლოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობა და ასევე მოთხოვნა, რომ სამოქალაქო საზოგადოება შეუფერხებლად ფუნქციონირებდეს. ევროკავშირი საქართველოს მოუწოდებს, შეცვალოს შვიდი დამოუკიდებელი ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების გაყინვის გადაწყვეტილება.

 

მსგავსი სიახლეები