"ოცნების" მხრიდან ზეწოლა და შანტაჟი ძლიერდება - ბადრი ჯაფარიძე მარნეულში ჩავიდა
"ძლიერი საქართველოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე მარნეულში საკუთარი გუნდის წევრებს ხვდება. ოპოზიციონერ ლიდერს სურს, არჩევნებთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ მოსაზრებები მოისმინოს.
ბადრი ჯაფარიძე და მისი პარტიის წევრები ამბობენ, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მათი გუნდის წევრებზე ზეწოლა, დაშინება და შანტაჟი გაძლიერდა.
ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ის ფაქტი, რომ მათ კანდიდატებს მსგავსი მეთოდებით ებრძვიან, ცხადყოფს, რომ "ოცნება" შეშინებულია.
ის ფაქტი, რომ ასე გაძლიერდა "ქართული ოცნების" მხრიდან ძალადობის, დაშინების, მუქარის მცდელობები, მხოლოდ და მხოლოდ მიუთითებს იმაზე, რომ გარდაუვალია ცვლილებები ამ ქვეყანაში, რომ გარდაუვალია ის, რომ ჩვენი თანამოქალაქეები 4 ოქტომბერს მივლენ და მისცემენ ხმას "ქართული ოცნების" წინააღმდეგ, რათა 4 ოქტომბრის შემდეგ დაიწყეს ამ ქვეყანაში ცვლილებები იმისთვის, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა დაიჯერონ და ირწმუნონ, რომ შესაძლებელია მათი ცხოვრების გაუმჯობესება, რომ მათმა შვილებმა მიიღონ კარგი განათლება, შესაძლებელია, რომ მათ მიიღონ კარგი ჯანდაცვის სისტემა, რომ შესაძლებელია, ისინი დასაქმდნენ და ყოველდღიური ზრუნვა არ უწევდეთ იმაზე, როგორ შეიტანონ სარჩო-სანოვაგე თავის ოჯახებში, - თქვა შეხვედრის შემდეგ ბადრი ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" სასარგებლოდ მარნეულში საკუთარი კანდიდატურა უკვე სამმა კანდიდატმა მოხსნა.