კალაძე არ პასუხობს კითხვას, ელოდება თუ არა ტრამპისგან ზარს
კალაძე ამტკიცებს, რომ "ოცნებას" აშშ-თან და ევროპასთან ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყება სურს. დედაქალაქის მერი ირწმუნება, რომ აქამდე დასავლეთის მხრიდან ადგილი ჰქონდა მუქარას და ცილისწამებას.
ძალიან მარტივია: ჩვენ არავის ვერჩით, არავის ვებრძვით, როგორ შეიძლება, ჩვენ ვებრძოდეთ ან ამერიკას, ან ევროპას, წარმოუდგენელია. ჩვენ გვინდა, რომ ის ურთიერთობები, რაც იყო ტყუილზე, სიცრუეზე, მუქარაზე, ცილისწამებაზე დაფუძნებული, რომ შეიცვალოს და ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან. ამაზე არაერთი განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა, ჩვენი მხრიდან არაერთი განცხადებები გაკეთდა, რომ მზად ვართ, ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან, -ამბობს კალაძე.
"პირველების" დამაზუსტებელ კითხვაზე, ელოდება თუ არა პრეზიდენტ ტრამპისგან ზარს, კალაძე ვერ პასუხობს.
ჩვენ ველოდებით იმას, რომ ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან, - ამბობს კალაძე.
შეგახსენებთ, რომ საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც მიხეილ ყაველაშვილმა ნიუ-იორკში განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ვახშამზე შეხვდა და ტრამპი მას კომუნიკაციას დაჰპირდა.