"ოცნების" სვლა ავტორიტარიზმისკენ - საფრანგეთის სენატი საქართველოს შესახებ რეზოლუციის მისაღებად ემზადება

26.09.25 19:46
"ოცნების" სვლა ავტორიტარიზმისკენ - საფრანგეთის სენატი საქართველოს შესახებ რეზოლუციის მისაღებად ემზადება

საფრანგეთის სენატი საქართველოს შესახებ რეზოლუციის მისაღებად ემზადება. ინიცირებული დოკუმენტი მიუთითებს დემოკრატიის უკუსვლასა და ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე, ხაზგასმულია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყანა ევროპული კურსს ჩამოშორდა, გაძლიერდა მოსკოვის გავლენა და დაიწყო რეპრესიები ოპოზიციის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ.

საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა უკვე რამდენიმე თვეა მზარდ შეშფოთებას იწვევს. 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლების შეცვლამ მკაფიოდ აჩვენა ევროპული კურსისგან გადახვევა. ახალმა ხელისუფლებამ, რომელიც „ქართული ოცნების“ პარტიიდან მოვიდა, დაიწყო შემაშფოთებელი ცვლილებები - ევროპული დემოკრატიული ღირებულებებისგან დაშორება და სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის დაძაბვა.

ეს მოვლენები მოულოდნელი არ ყოფილა. ჯერ კიდევ 2024 წლის ზაფხულში, ევროპის საბჭომ თავის ივნისის დასკვნებში მოითხოვა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარანტია და დაგმო ზეწოლა ოპონენტებსა და ჟურნალისტებზე. 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებმა, რომელიც უსამართლო პირობებში ჩატარდა, სწორედ ეს გაფრთხილებები დაადასტურა. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ბდიპჩ) ანგარიშის მიხედვით, საარჩევნო კამპანია ხასიათდებოდა სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენებით, მედიაში მიკერძოებული გაშუქებით და ზეწოლით ამომრჩევლებზე. ამ კრიტიკას დაეთანხმა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც არჩევნები „ტოტალურ ფალსიფიკაციად“ შეაფასა და ეს პროცესები რუსეთისადმი მზარდ დაახლოებას დაუკავშირა. ზურაბიშვილმა ასევე გააფრთხილა საზოგადოება „რუსული სპეცოპერაციისა და თანამედროვე ჰიბრიდული ომის შესახებ, რომელიც ქართული ხალხის წინააღმდეგ მიმდინარეობს“.

2024 წლის დეკემბერში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკვე მკაფიოდ დაგმეს დემოკრატიის უკუსვლა და მშვიდობიანი აქციების წინააღმდეგ რეპრესიები. ეს გაფრთხილებები კატეგორიულად გაამყარეს საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, რომლებმაც 2024 წლის 31 დეკემბერს ერთობლივ განცხადებაში გააკრიტიკეს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, შეეჩერებინა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, ასევე დაგმეს ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების, მედიისა და ოპოზიციის ლიდერების მიმართ. მათ კვლავ გაუსვეს ხაზი საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობას ადამიანის უფლებების დაცვაში და გააფრთხილეს, რომ რეპრესიების პოლიტიკამ და დემოკრატიის უკუსვლამ უკვე გააუარესა როგორც ორმხრივი, ისე ევროპული ურთიერთობები და გამოიწვია დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო რეჟიმის გაუქმება.

ეს გაფრთხილებები იგნორირებული დარჩა: 2025 წლის პირველ ნახევარში რეპრესიები კიდევ უფრო გამკაცრდა. ეს დააფიქსირა ევროპარლამენტმა თავის რეზოლუციაში, რომელიც ივლისში მიიღო. 2025 წლის 11 ივლისს 20-მდე ევროპელმა მინისტრმა, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ერთად, საჯაროდ დაგმო ავტორიტარიზმისკენ სვლა და ოპოზიციის გათავისუფლება მოითხოვა.

სამართლებრივი სახელმწიფოს გაუარესებული მდგომარეობა კონკრეტულ მაგალითებში ჩანს: ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კვლავ მძიმე და შეუფერებელ პირობებში რჩება, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციები გმობენ. რამდენიმე ოპოზიციონერი, მათ შორის ნიკა მელია და ზურაბ ჯაფარიძე, სამართლებრივ დევნას და დაკავებებს დაექვემდებარნენ საკუთარი გადაწყვეტილებების გასაჩივრების შემდეგ. ათეულობით მშვიდობიანი დემონსტრანტი, მათ შორის ბევრი სტუდენტი, თვითნებურად დააკავეს, დააკისრეს ადმინისტრაციული პატიმრობა ან დიდი ოდენობის ჯარიმები.

ამ მოვლენების გამიჯვნა რეგიონული გეოპოლიტიკური კონტექსტისგან შეუძლებელია. მოსკოვის იდეოლოგიური და სტრატეგიული გავლენა საქართველოში იზრდება პოლიტიკური, ეკონომიკური და მედიარხებით. ამ გავლენის განსახიერებაა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, პრორუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, რომლის ჩარევაც პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სასამართლო საქმეებში ევროპარლამენტმა სერიოზულ ბარიერად შეაფასა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე.

ამავდროულად, ქართული ხელისუფლება ისტორიისა და ეროვნული რიტორიკის ინსტრუმენტალიზაციას ახდენს. მაშინ, როცა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 2021 წელს დაადგინა რუსეთის პასუხისმგებლობა მასობრივი დარღვევებისთვის 2008 წლის ომის დროს (სასამართლომ დაადასტურა ისეთი ქმედებები, როგორიცაა „მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა“, „სამოქალაქო პირების თვითნებური დაკავება“ და „წამების აქტები“), „ქართული ოცნების“ მიერ დაკომპლექტებულმა საპარლამენტო კომიტეტმა 2025 წლის სექტემბერში კონფლიქტის დაწყებაში სააკაშვილის ხელისუფლება დაადანაშაულა. ეს კრემლის რიტორიკის გამეორებაა და ოპოზიციის დელეგიტიმაციის მცდელობა.

ამ მანიპულაციების ფონზე, საფრანგეთმა 2025 წლის 7 აგვისტოს კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, დაგმო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მილიტარიზაცია და კვლავ დააფიქსირა მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებებისადმი.

ამ სტრატეგიას თან სდევს რეპრესიული ნაბიჯების გამკაცრება. 2025 წლის 29 აგვისტოს ევროკავშირმა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევად შეაფასა გადაწყვეტილება, ხელისუფლებას გაეყინა რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშები – ზომა, რომელიც მიმართულია იმ სუბიექტების ჩახშობისკენ, რომლებიც დემოკრატიული პლურალიზმისა და ქვეყნის ევროპასთან დაახლოების პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

2025 წლის სექტემბრის დასაწყისში 20-მდე მოქალაქე, მათ შორის აქტივისტი საბა სხვიტარიძე და მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, ანტისამთავრობო აქციებში მონაწილეობის გამო თავისუფლების აღკვეთას მიესაჯა. მრავალმა მოწმეებმა დააფიქსირეს სერიოზული დარღვევები სასამართლო პროცესებში: თვითნებური დაკავებები, წამების შესახებ გამოუძიებელი განცხადებები, იძულებითი აღიარებები, პროცედურული გარანტიების არქონა და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა.

ამრიგად, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევები, ოპოზიციის დევნა, ისტორიის გადაწერა და მოსკოვის მზარდი გავლენა სისტემურ ცვლილებაზე მიუთითებს. სწორედ ამ პირობებში საფრანგეთსა და ევროკავშირს მოეთხოვებათ მკაფიო და მტკიცე მოქმედება, რათა მხარი დაუჭირონ დემოკრატიულ პრინციპებს, ევროპულ სუვერენიტეტს და იმ ინტეგრაციისკენ სწრაფვას, რომელსაც ქართველი ხალხის დიდი ნაწილი გამოხატავს, - ნათქვამია დოკუმენტში. 

მსგავსი სიახლეები