წულუკიანის დასკვნა საკონსტიტუციოში მიდის - რას გეგმავს "ოცნება"
"მივიღეთ გადაწყვეტილება კომისიის დასკვნა გახდეს საფუძველი საკონსტიტუციო სასამართლოში სამართლებრივი პროცედურების წამოწყებისა," - ამის შესახებ თეა წულუკიანმა განაცხადა და ე.წ. საგამოძიებო კიმისიის დასკვნაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ე.წ. საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოში სამართლებრივი პროცედურების წამოწყების მიზანი "ნაციონალური მოძრაობის" და მისი წევრების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა იქნება.
მისივე თქმით, "ქართული ოცნება" მუდმივად ვერ იქნება ხელისუფლებაში და მათი ვალია, რომ გამორიცხული ჰქონდეთ იმ დროისთვის შანსი და რისკი, რომ დასკვნაში აღწერილი ფაქტების ჩამდენი პირები დაბრუნდნენ ხელისუფლებაში".
ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვიმუშავეთ. იცით, რომ კომისიას დასჭირდა და პარლამენტის თანხმობით გამოვიყენეთ ის მაქსიმალური ვადა, ექვსი თვე, რასაც კანონი ითვალისწინებს. უფრო მეტი დრო მუშაობისთვის არ გვქონდა, რადგან კანონი ამგვარი გაგრძელების შესაძლებლობას არ იცნობს. დოკუმენტი ბევრმა ნახა, უმრავლესობამ შორიდან, რადგან ახლა კორექტურა კეთდება და დაიბეჭდება წიგნის სახით ოქტომბრის ბოლომდე. ეს დოკუმენტი ყველას გაქვთ ნანახი, რადგან ელექტრონულად ხელმისაწვდომია. ეს არის 500-მდე გვერდი და რამდენიმე ათასი გვერდისგან შემდგარი დანართები. აღარ ჩამოვთვლი მოცულობებს, რასაც შეადგენს დასკვნის დანართების სახით აუდიო და ვიდეომასალა, რომელიც შეიძლება, წლები გავიდეს და გაქრეს. ამიტომ, მათ შორის თქვენს არხთან დიდი და აქტიური თანამშრომლობის შედეგად, შევქმნით ამ დასკვნის შესაბამისი დოკუმენტური აუდიო და ვიდეოარქივი. მადლობა თქვენ ამისთვის. დოკუმენტში, რომელიც სექტემბრის პირველ კვირაში პარლამენტმა შესაბამისი დადგენილებით დაამტკიცა, რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ დავადასტურეთ.
ეს არ არის უბრალოდ ტექსტი, სადაც მოთხრობილია სხვადასხვა ამბავი და ტრაგედიები, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა ჩვენი მოქალაქეების და ქვეყნის თავს დაატრიალა. აქ არის მოცემული მტკიცებულებები და ფაქტები. კერძოდ, ამ დასკვნით დასტურდება, რომ ძალას, რომელიც 9 წელი მართავდა ჩვენს ქვეყანას და დღეს ოპოზიციაშია, არ აქვს თავის თავში რესურსი, შეიცვალოს. არც ნება აქვს ამის, არც უნარი. შესაბამისად, ეს ერთი და იგივე ძალაა, რომელიც ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში, გვიქადის, სულ მცირე, იმავეს, რაც აკეთეს 9 წლის განმავლობაში, სავარაუდოდ უარესსაც კი.
სწორედ ამიტომ, საპარლამენტო უმრავლესობამ და „ქართულმა ოცნებამ“, როგორც პარტიამ, მიიღო გადაწყვეტილება, ეს დასკვნა გახდეს საფუძველი საკონსტიტუციო სასამართლოში შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების წამოწყებისა, რომლის მიზანიც იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი წევრების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა. ეს არის მიზანი, ვინაიდან, მიგვაჩნია, რომ ამის გარეშე ქვეყანას არ უწერია განვითარების პერსპექტივა. „ქართული ოცნება“ მუდმივად ვერ იქნება ხელისუფლებაში და ჩვენი ვალი, ჩვენი გასაკეთებელი საქმე და მისიაა, რომ ხელისუფლებიდან წასვლა როცა მოგვიწევს, არა 5 ოქტომბერს და დამხობის გზით, არამედ არჩევნების გზით, ამისი დრო დადგება ოდესღაც, მორიგი არჩევნების დროს, გამორიცხული გვქონდეს იმ დროისთვის შანსი და რისკი, რომ დასკვნაში აღწერილი ფაქტების ჩამდენი პირები დაბრუნდნენ ხელისუფლებაში," - განაცხადა თეა წულუკიანმა. ("რუსთავი 2")
შეგახსენებთ, რომ თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიის დასკვნა 460-გვერდიანია.
წულუკიანის მტკიცებით, "2008 წლის აგვისტოში ქართული ჯარი სამხედრო საქმისგან შორს მყოფი პოლიტიკოსების მიერ მართულ ომში აღმოჩნდა, რომლებმაც გარე ძალების დახმარების იმედითა და ქართველი სამხედროების აზრის უგულებელყოფით, ქალაქ ცხინვალზე შეტევა განახორციელეს და საომარ მოქმედებათა ძირითად მიმართულებად სწორედ ეს დასახლება განსაზღვრეს".