"ვინც არჩევნებზე არ მიდის, ის ეხმარება "ქართულ ოცნებას" - მამუკა ხაზარაძე
"ვინც არჩევნებზე არ მიდის, ის ეხმარება "ქართულ ოცნებას" - ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველო" ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებასთან შეხვედრისა და საარჩევნო კლიპის პრეზენტაციის დროს განაცხადა.
მისი თქმით, მოქალაქეების ხმა, რომლებიც არჩევნებზე არ მიდიან, "პირდაპირ ეთვლება კალაძეს".
ჩვენი ბრძოლა არის მიმართული ძალიან სერიოზული აქტივობისკენ, ეს აქტივობა არის, მე მინდა პირველ რიგში მივმართო ჩვენ პარტიას და მივმართო ყველა იმ ადამიანს, რომელიც დღეს კიდევ ფიქრობს, წავიდეს თუ არა არჩევნებზე, პირველ რიგში უნდა დარწმუნდეთ და დაირწმუნოთ თქვენი თავის, რომ თუ არ გჯერა, რომ მოიგებ ვერასდროს ვერ მოიგებ საერთოდ, ვერასდროს ვერ მიაღწევ თუ შენ თვითონ არ დაიჯერე.
[...]
ჩვენ გვაქვს ერთი მიზანი და ეს მიზანი არ განსხვავდება იმ ხალხის, რომელიც დღეს ბოიკოტშია, ვინც სხვა პოზიციაზეა. ამიტომ მე მინდა, ყველას მოვუწოდო, ვინც დღეს ჩვენ გვისმენს, რომ უნდა გამოვიდეთ ამ არჩევნებზე და უნდა გამოვიდეთ არ დავუთმოთ არცერთი ხმა "ქართულ ოცნებას". ხმამაღლა ვამბობ, ვინც არჩევნებზე არ მიდის, ის ეხმარება "ქართულ ოცნებას", ეს ასეა იმიტომ, რომ მისი ხმა პირდაპირ ეთვლება კალაძეს. მე არ მინდა, რომ რუსული "ოცნების" გენერალური მდივანი უკვე მესამე ვადით მართავდეს თბილისს, ეს არის სირცხვილი. არ შეიძლება ამ ადამიანმა და ამ კლანმა მართოს ასეთი კორუმპირებული მეთოდებით ჩვენი ქვეყანა და ჩვენ ჯიბეში და ჩვენს ბიუჯეტში ხელები აფათუროს.
ამიტომ, როცა ასეთი საკითხები დგება, მე მგონია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზეპარტიული გადაწყვეტილება მიიღო...ჩვენთვის ის ხელშეკრულება და მემორანდუმი, რომელიც "გახარიას საქართველოსთვის" გავაფორმეთ, ეს არის პარტიის ზემოთ დადებული მემორანდუმი. იმიტომ, რომ ჩვენ აქ სამშობლოზე ვლაპარაკობთ, ჩვენ ქვეყანაზე ვლაპარაკობთ და პირადი წყენები და პირადი ამბები უნდა გადავდოთ. ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა, მაგრამ დღეს ჩვენ გადასარჩენი გვაქვს თბილისი და ის მუნიციპალიტეტები და ქალაქები, პირველ რიგში, რომელიც მოგებული გვაქვს," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.