სუს: ბავშვები ჩვენთან და უსაფრთხოდ არიან
ბავშვები, [რომელთა საოკუპაციო ხაზიდან გატაცების შესახებაც ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა], ჩვენთან და უსაფრთხოდ არიან - ამის შესახებ "პირველებს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურმა განუცხადა.
მათი თქმით, მომხდარის სხვა დეტალები მოგვიანევბით გახდება ცნობილი.
ამ ეტაპისთვის მშობლებს შვილები არ უნახავთ, თუმცა "პირველების" ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მშობლებს გააცებული შვილების ადგილსამყოფელის შესახებ უკვე შეატყობინა.
"პირველების" ინფორმაციით, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარაშენიდან საოკუპაციო ძალებმა 5 არასრულწლოვანი დაახლოებით ერთი სათის წინ გაიტაცეს.
როგორც TV პირველის ეთერში ერთ-ერთი გატაცებულის მამამ ბესო სიდამონიძემ განაცხადა, გატაცებულთა ასაკი 10 წელს არ აღემატებოდა.
განახლება: ბესო სიდამონიძემ "ინგა გრიგოლიას დღის ამბებს" დაუდასტურა, ინფორმაცია, რომ ბავშვები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან და პოლიციას ისინი გორში გადაყვას.
"დაგვირეკა პოლიციამ და გვითხრა, რომ ბავშვები გორში, პოლიციის დეპარტამენტში მიჰყავთ. მადლობა ყველას, ვინც ამაში [ბავშვების ტყვეობიდან გამოხსნაში] წვლილი შეიტანა და დაგვიბრუნა ბავშვები" - თქვა სიდამონიძემ.