კასპში, ყოფილი მეუღლის წამებაში მხილებულ კაცს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
კასპში, ყოფილი მეუღლის წამებაში მხილებული კაცს მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოცხადდა. ზურაბ ბურდულმა პროცესზე დუმილი უფლება გამოიყენა.
ბრალდების მხარემ სხდომაზე ბრალდებულის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ის ნარკოტიკსა და აზარტულ თამაშებზე იყო დამოკიდებული. პროკურორის თქმით, ზურაბ ბურდული მეუღლეს სისტემატიურად სთხოვდა შერიგებას, საბოლოო უარის შემდეგ კი მისი მოკვლა განიზრახა.
ბურდული ყოფილ მეუღლეს სისტემატურად სთხოვდა შერიგებას, მისგან საბოლოო უარის მიღების შემდეგ, ბურდულმა ყოფილი მეუღლის მოკვლა განიზრახა. რამდენიმე დღით ადრე შეიძინა ბენზინი, სადაბრაზოსთან დახვდა, ჯერ 2 ჯერ ჩაარტყა დანა, შემდგომ გადაასხა აალებადი სითხე და შეეცადა დაწვას, ფაქტს შეესწრო დაზარალებულის დედა.
ივნისის თვეში სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო გამოწერილი ჰქონდა შემაკავებელი ორდერი. დაზარალებულის დედის თქმით წარსულშიც არაერთი ფაქტი ყოფილა შეურაცხყოფის.
2023 წელს 260-ე მუხლით გაამტყუნეს, მანამდეც არაერთხელ არის ნასამართლევი. დაუდგინდა ნარკოტიკის მოხმარება და ასევე ალკოჰოლური სიმთვრალე, ბრალდებილი დამოკიდებულია აზარტულ თამაშებზე, - თქვა დღეს პროკურორმა მედიასთან საუბრისას.
ზურაბ ბურდულის წინასასამართლო სხდომა 20 ნოემბერს ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ შემზარავი შემთხვევა კასპში სამი დღის წინ მოხდა. დაკავებულ მამაკაცს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა,19-109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.