4 ოქტომბრის შემდეგ ფართომასშტაბიანი ამნისტია უნდა გამოცხადდეს - მურთაზ ზოდელავას ინიციატივა
4 ოქტომბრის შემდეგ ფართომასშტაბიანი ამნისტია უნდა გამოცხადდეს. ამ ინიციატივით მურთაზ ზოდელავა გამოდის. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის აზრით, პოლიტპატიმრების და სინდისის პატიმრების გარდა, ციხეები უნდა დატოვონ არაძალადობრივი დანაშაულებებისთვის დაჭერილმა მოქალაქეებმა.
ეს უნდა იყოს არაძალადობრივი მუხლები, ეს უნდა იყოს დანაშაული, რომელიც არ არის განზრახი, არ არის მძიმე, ისეთი ფორმის, რომელიც საზოგადოებას რაიმე მნიშვნელოვან საფრთხეს ქმნის. მოკლედ, მე მყარად ვარ ჩამოყალიბებული იმაში, რომ ეს უნდა იყოს ფართომასშტაბიანი ამნისტია, ხოლო კონკრეტულად რომელი მუხლები იქნება, ამაზე, რა თქმა უნდა, იმსჯელებს ის თავისუფალი არჩევნებით არჩელი პარლამენტი, რომელიც იქნება ქართველი ერის ნების გამომხატველი. თვითონ "ქართული ოცნება", მაღალჩინოსნები, უმოწყალოდ ძარცვავენ ქართველ ხალხს, უმოწყალოდ ძალადობენ, ამ ფონზე არ იქნება სამართლიანი ის, რომ მოქალაქეებმა, რომლებმაც 2 ათასი, 3 ათასი ლარი მოიპარეს, სადღაც რესტორანში მაგიდა ააყირავეს, თეფშები დაამტვრიეს, სადღაც რაღაც ნარკოტიკული დანაშაული ჩაიდინეს. ამ ადამიანების ციხეში ყოფნა არ არის სამართლიანი, - ამბობს მურთაზ ზოდელავა.