"ოცნების" საერთაშორისო იზოლაცია გაფორმდა, შემდეგი ნაბიჯი მათი გაბუნძულებაა“ - ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან
ეს იყო რუსის გამოსვლა, - ასე აფასებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია გაეროში მიხეილ ყაველაშვილის სიტყვით გამოსვლას. კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ციხიდან გამოგზანილ წერილში წერს, რომ ივანიშვილის წარმომადგენელმა საერთაშორისო ასამბლეაზე სიტყვა რუსული საგარეო სტრატეგიის მიხედვით წარმოთქვა და მისი რიტორიკა კრემლის მესიჯებს იმეორებდა.
ხოშტარიას თქმით, „ქართული ოცნების“ რეჟიმის საერთაშორისო იზოლაცია უკვე საბოლოოდ გაფორმდა - ივანიშვილის ხელისუფლების დელეგაციას მხარი არცერთმა დასავლურმა ქვეყანამ არ დაუჭირა და ეს „ქართველი ხალხის შეუპოვარი წინააღმდეგობის შედეგია“.
მისი თქმით, შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს „ოცნების" გაბუნძულება და დელეგიტიმაცია“.
გაეროში ივანიშვილის წარმომადგენლის გამოსვლაზე და იქვე, ივანიშვილის საგარეო პორტფელის ვიზიტზე ორი რამ შეიძლება ითქვას:
ეს იყო რუსის გამოსვლა, ტერმინების დონეზეც კი. ჩახედეთ რუსეთის საგარეო პოლიტიკის დოკუმენტებს და ნახავთ, მათი მთავარი სტრატეგიული ამოცანაა მულტიპოლარული დღის წესრიგის ჩამოყალიბება, რის უკანაც სინამდვილეში რუსეთის იმპერიული ამბიციები იმალება. აი, საბჭოთა კავშირის დაშლა რომ პუტინისთვის მე-20 საუკუნის ტრაგედიაა, ეგ. საქართველოსთვის მულტიპოლარული კი არა, დასავლური, თავისუფალი და მშვიდობის ცივილიზაციის სიძლიერეა მთავარი ამოცანა.
მაგრამ არა, ივანიშვილი რუსული საგარეო სტრატეგიით ხელმძღვანელობს. იქვე კომიკური კალკი რუსული გამოსვლებიდან - “მზად ვართ დიალოგისთვის თუ შანტაჟის ენით არ დაგველაპარაკებიანო”. ვის დაჰკარგვიხართ? კომიკურია უბრალოდ.
გადაახვიეთ ლავროვის გამოსვლები, ერთი-ერთშია, ოღონდ, ის საძაგელი რუსეთი ბირთვული სახელმწიფო მაინც არის. მართალია უკრაინასთან ომში უკიდურესად სუსტად გამოიყურება, მაგრამ ბირთვული მაინც არის. ივანიშვილი კი ვის დაკარგვია?!
ოცნების რეჟიმის სრული საერთაშორისო იზოლაცია ფაქტობრივად გაფორმდა. ხელიც კი ვერავის დააქნევინეს, ცოტა ფოტოშოპი რომ მიეშველებინათ და რამე გამოედნოთ. ეს რეჟიმი იგმობა ამერიკაში, გაეროში, ევროკავშირში, ბრიტანეთში და ევროპის დედაქალაქებში. ეუთოც კი ვერ ჩამოიყვანეს. ეს არის ქართველი ხალხის დამსახურება, სწორედ ამ 300 დღიანი შეუპოვრობის. სხვა შემთხვევაში, “ოცნება” ვითარების გარკვეულ ნორმალიზებას შეძლებდა. ეს მონაპოვარი შესანარჩუნებელი და დასაგვირგვინებელია მათი გაშვებით. დელეგიტიმაციის შემდგომი ნაბიჯი უნდა იყოს მათი გაბუნძულება!
ამიტომ ამაყად და ბოლომდე!”, - წერს წერილში ელენე ხოშტარია.