იუკნევიჩიანე: ერთსქესიანთა ქორწინება არ არის ევროკავშირის მოთხოვნა, ეს კრემლის სტილის პროპაგანდაა

29.09.25 11:46
იუკნევიჩიანე: ერთსქესიანთა ქორწინება არ არის ევროკავშირის მოთხოვნა, ეს კრემლის სტილის პროპაგანდაა

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე აცხადებს, რომ ერთსქესიანთა ქორწინება ევროკავშირის მოთხოვნა არ არის და ამ თემით მანიპულირება კრემლის სტილის პროპაგანდას წარმოადგენს. მისი თქმით, თითოეულ ქვეყანას თავად ეკისრება პასუხისმგებლობა, განსაზღვროს რა პრინციპებით იცხოვრებს. 

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ არსებობს საბაზისო პრინციპები ადამიანის უფლებების, რასაც ყველა უნდა იზიარებდეს, მაგრამ სიძულვილის გაღვივება მიუღებელია.

რა თქმა უნდა, ერთსქესიანთა ქორწინება არ არის ევროკავშირის მოთხოვნა. ჩემი ქვეყანა, ლიეტუვა ევროკავშირის წევრი 2004 წლიდანაა და არავინ არაფერს გვაძალებს, მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, რა პრინციპებით ვიცხოვრებთ და ჩვენთან არ არის ერთსქესიანთა ქორწინება. ეს პროპაგანდაა, ესაა ტყუილები კრემლის სტილში. რა თქმა უნდა, არსებობს საბაზისო პრინციპები ადამიანის უფლებების, რასაც, რა თქმა უნდა, ვიზიარებ. თითოეული მოქალაქე, არის თუ არა ის ევროკავშირის წევრი, უნდა ცხოვრობდეს ღირსეულად. მე ვეწინააღმდეგები სიძულვილის გავრცელებას, რასაც "ოცნების" მსგავსი რეჟიმებისგან ხშირად ვხედავთ უმცირესობების წინააღმდეგ. ისინი მხოლოდ ღირსეულად ცხოვრებას და თანასწორ უფლებებს ითხოვენ. ამ საკითხს კი დიქტატორები და ავტოკრატი მმართველები იყენებენ მუქარისთვის. თითოეული მოქალაქის უფლებები უნდა იყოს დაცული. არ უნდა გამოიყენო ასეთი ადამიანები იარაღად, როგორც ამას "ქართული ოცნების" რეჟიმი, ან სხვა დიქტატორები, თუნდაც პუტინი აკეთებს, - ამბობს იუკნევიჩიანე. 

მსგავსი სიახლეები