ანდაზა, რომელიც ყველამ ვერ დაიმახსოვრა - როგორ პასუხობენ "ოცნებაში" "ძლიერ საქართველოს"
"ქართული ოცნების" წევრები გურამ მაჭარაშვილი და ლევან მახაშვილი ზეწოლაზე "ლელოს" განცხადებას ერთი და იგივე ანდაზით გამოეხმაურნენ. თუმცა ანდაზა ორივემ არასწორად თქვა.
სინამდვილეში ანდაზა ასე ჟღერს: "პატარძალმა ძროხა ვერ მოწველა და ეზო მრუდეაო".
"ძლიერი საქართველოს" მიერ წარდგენილ ბრალდებებს "ქართულ ოცნებაში" უარყოფენ. ამტკიცებენ, რომ ოპოზიციური კანდიდატების მოსყიდვა, დაშინება და გადაბირება არ ხდება.
გურამ მაჭარაშვილი ამტკიცებს, რომ ირაკლი კუპრაძე დეზინფორმაციას ავრცელებს.
ძალიან კარგი გამონათქვამია:" პატარძალმა ეზო ვერ გადავა, მრუდეაო". კუპრაძე მიხვდა, რომ ძალიან სასტიკად აგებს არჩევნებს თავის პარტიასთან ერთად და დეზინფორმაციას მიჰყო ხელი, რომ ვიღაც სადღაც მისი პარტიის წარმომადგენლი ხსნის კანდიდატურას თურმე იმიტომ, რომ აშანტაჟებენ, ემუქრებიან და ა.შ. ჯერ ერთი, ეს ხალხი თუ ხსნის კანდიდატურას, როგორც ჩანს, მიხვდა იმას, სად არის სიმართლე და სად არის რეალობა, რომ არაფრის გამკეთებლები არც "ლელო" და არც გახარიას პარტია არ არიან და როგორც ჩანს, მიიღეს ის გადაწყვეტილება, რაც თვითონ მიიღეს, - ამბობს მაჭარაშვილი.
ანალოგიური ანდაზა გაახსენდა ლევან მახაშვილსაც. მისი მტკიცებით, ახლა "ძლიერი საქართველო" ცდილობს, საკუთარი უსუსურობა სხვას გადააბრალოს.
არ ვიცი, ჩემმა კოლეგებმა ახსენეს თუ არა, მაგრამ ეს მაგონებს ასეთ ფრაზას, რომ "პატარძალმა ეზო ვერ დაგავა, მრუდეაო თუ რაღაცა". ისეთი ფრაზაა, რომელიც ალბათ აკვდება ამ სიტუაციას. საკუთარ თავს, საკუთარ შეცდომებს, საკუთარ უსუსურობას, საკუთარ არაეფექტიანობას აბრალებენ სხვას. მათი კანდიდატები იყვნენ, თავას ვერ შეძლეს გუნდში მათი დატოვება, დარწმუნება, რომ ისინი ნამდვილად იმსახურებენ ყოფნას. ეს არის, უბრალოდ, სხვაზე გადაბრალება საკუთარი შეცდომის, - ამბობს ლევან მახაშვილი.
ლადო ბოჟაძე კი კანდიდატეს ურჩევს, არ დაშინდნენ, არ გაიყიდნონ და არჩევნებს დაელოდონ.
ყველა კანდიდატს ვურჩევ, კანდიდატურა არ მოხსნას, არ გაიყიდონ, არ უღალატონ არც "ლელოს" და არც მთელ საქართველოს, დაელოდონ 4 ოქტომბრის არჩევნებს. მე არ ვიცი რატომ ხდება (გადაბირება), ან ხდება თუ არა საერთოდ, ამიტომ ყველას ვურჩევ, არ მოხსნან კანდიდატურა, არც გაიყიდნონ, არც შეეშინდეთ, დაელოდონ არჩევნებს, - ამბობს ლადო ბოჟაძე.
ოპოზიციური კოალიცია „ძლიერი საქართველო“ ივანიშვილის პარტიას რეგიონებში კანდიდატებზე ზეწოლასა და მოსყიდვაში ადანაშაულებს. ირაკლი კუპრაძის თქმით, პროცესში ჩართულია ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე, სუსი და მათთან დაკავშირებული ბიზნესები.
კოალიციამ წარმოადგინა აუდიოჩანაწერი, რომელიც, მათი მტკიცებით, ადასტურებს ოპოზიციური კანდიდატის იძულებით მოხსნას.