ემზადება თუ არა "ოცნება" მარტში ვადამდელი არჩევნებისთვის - რას ამბობენ ივანიშვილის გუნდში

29.09.25 15:37
ემზადება თუ არა "ოცნება" მარტში ვადამდელი არჩევნებისთვის - რას ამბობენ ივანიშვილის გუნდში

"ქართული ოცნება" უარყოფს, რომ ვადამდელი არჩევნების გამართვას მარტის თვეში გეგმავს. საქმე ეხება კოალიცია "ძლიერი საქართველოს" მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, სადაც ისმის ფრაზა, რომლის მიხედვიტაც "ოცნება" არჩევნების ჩატარებას მარტში აპირებს.

კახა კალაძე აღნიშნულ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს და ამტკიცებს, რომ არჩევნები მხოლოდ 2028 წელს ჩატარდება.  

ჩვეულებრივი სისულელეა. არანაირი ვადამდელი არჩევნები. არჩევნები იქნება როცა ამის დრო მოვა, 2028 წელს. გამოდის ის, რომ ავრცელებსთ სისულელეს, ფალსიფიკაციას. არანაირი მტკიცებულება არ არის ამის. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ იგეგმება. ეს არის ტყული, სიცრუე, - ამბობს კალაძე. 

გია ვოლსკი კი ამტკიცებს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნის წინაპირობა არ არსებობს. ივანიშვილის გუნდის წევრი ირწმუნება, რომ კუპრაძეს ამ ინფორმაციის გავრცელება საკუთარი კრახის გასამართლებლად სჭირდება.  

არ  არსებობს არანაირი წინაპირობა, არანაირი არც დოკუემნატლური, არც რაიმე პოლიტიკური ნიშნით აუცილებლობა იმისა, რომ ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები. ახლა მოიგონა კუპრაძემ რაღაც თემა, რაღაც ჩანაწერს ასაჯაროებს, რომელიც თითქოსდა გაიგონა "ქართული ოცნების" წარმომადგენლების... პოლიტსაბჭოზე აქვთ ჩაწერილი თითქოს. სისულელე სრული. მაგრამ, ფაქტია, რომ ამით თავისი კრახის გამართლება უნდათ, მომავალი კრახის შემთხვევაში, რაც გარდაუვალია. იტყვიან, ჩვენ სამაგიეროდ, რაღაცას მივაღწიეთ და რაღაც ჭორს ავრცცელებენ, რომელმაც შესაძლოა, დაამშვიდოს მათი აფორიაქებული გონება, - ამბობს ვოლსკი. 

ოპოზიციური კოალიცია „ძლიერი საქართველო“ ივანიშვილის პარტიას რეგიონებში კანდიდატებზე ზეწოლასა და მოსყიდვაში ადანაშაულებს. ირაკლი კუპრაძის თქმით, პროცესში ჩართულია ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე, სუსი და მათთან დაკავშირებული ბიზნესები.

კოალიციამ წარმოადგინა აუდიოჩანაწერი, რომელიც, მათი მტკიცებით, ადასტურებს ოპოზიციური კანდიდატის იძულებით მოხსნას. 

ჩანაწერში ასევე ისმის ფრაზა, რომ ვადამდელი არჩევნები მარტის თვეშია დაგეგმილი. 

 

მსგავსი სიახლეები