გამოძიების დაწყება კომიკურია, რადგან დანაშაულის ჩამდენი თავად "ოცნებაა" - დათუნაშვილი სკანდალურ აუდიოჩანაწერზე
"ძლიერი საქართველოს" წევრი თამაზ დათუნაშვილი დარწმუნებულია,რო პროკურატურის მიერ „ლელოს“ მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე დაწყებული გამოძიება ფორმალობას არ გასცდება. პოლიტიკოსის თქმით, პროცესი კომიკურად გამოიყურება, რადგან "ოცნება" ერთი ხელით დანაშაულს სჩადის, მეორე ხელით კი თავისი შემოქმედების გამოძიებას იწყებს.
უბრალოდ, კომიკურად გამოიყურება ეს ყველაფერი. ჩვენ გვახსოვს ასეთი გამოძიებების ფორმალურად დაწყება, მაგალითად, წინა არჩევნებზე. გვახსოვს ასეთი შემთხვევა ქარელში და კიდევ სხვა ადგილებში, როცა საპარლამენტო არჩევნებზე იგივე ტიპის ფაქტებზე გამოძიება დაიწყეს და ეს გამოძიება არსად წასულა. ზუსტად იგივე ბედი ელის ამ გამოძიებას. არავითარი იმედი არ გვაქვს, რომ რამეს გამოიძიებენ, იმიტომ, რომ დანაშაულის ჩამდენი არის თავად ივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც დღეს გადაბმულია და გადაჯაჭვულია შავ სამყაროსთან, „კანონიერ ქურდებთან“ და მათი ხელით, მათი მხარდაჭერით და მათთან ერთად ცდილობს, რომ დემოკრატიული პროცესი დაასამაროს ამ ქვეყანაში არჩევნების სახით, - განაცხადა დათუნაშვილმა.
საქართველოს პროკურატურამ „ლელოს“ მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 162¹ მუხლით. კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველო“ ამ ჩანაწერს ოპოზიციური კანდიდატის მიმართ განხორციელებული ზეწოლის, მუქარისა და მოსყიდვის მცდელობის მტკიცებულებად ასახელებს.
ირაკლი კუპრაძის განცხადებით, ზეწოლაში ჩართული იყვნენ სუსის წარმომადგენლები და ადგილობრივი პოლიციელები, რის შედეგადაც მაჟორიტარობის კანდიდატი იძულებული გახდა კანდიდატურა მოეხსნა.