მოლდოვის არჩევნების გაშუქებამ "ოცნების" რეალური პოზიცია გამოაჩინა - პეტრე ცისკარიშვილი

29.09.25 16:44
მოლდოვის არჩევნების გაშუქებამ "ოცნების" რეალური პოზიცია გამოაჩინა - პეტრე ცისკარიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის შეფასებით, მოლდოვის საპარლამენტო არჩევნების დროს ქართულმა პროპაგანდისტულმა მედიამ მკაფიოდ აჩვენა, რომ „ქართული ოცნება“ გულშემატკივრობდა პრორუსულ ძალებს და არ სურდა მაია სანდუს გამარჯვება.

პეტრე ცისკარიშვილის თქმით, ეს მაგალითი ნათლად ასახავს ივანიშვილის ხელისუფლების რეალურ დამოკიდებულებას და ამხელს იმ დისკურსს, რომ თითქოს საქართველო პროდასავლურ გზას მიჰყვება.

პოლიტიკოსის განცხადებით, 29 სექტემბრის არჩევნების გაშუქება არის ყველაზე მკაფიო ტესტი, თუ ვის მხარეს დგას „ქართული ოცნება“ და რომელი პოლიტიკური ძალების წარმატება სურდა მას მოლდოვაში.

როდესაც ჩვენი პროპაგანდისტები საუბრობენ საქართველოს პროდასავლურ კურსზე, რატომღაც ჯერ კიდევ ჩვენი მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ მაინც იმ პროპაგანდის პედალირებით, რომ საქართველო თითქოს მაინც დასავლეთისკენ მიდის და ცდილობს ევროინტეგრაციას, ამ დროს უნდა ჩაიხედონ სარკეში და შეხედონ იმ გაშუქების სტილს, როგორიც ჩვენ ვიხილეთ მოლდოვის არჩევნების გაშუქებისას, როგორ გულშემატკივრობდა “ოცნება” და მათი სატელევიზიო არხები პრორუსული პარტიების გამარჯვებას, როგორ არ უნდოდათ მაია სანდუს გამარჯვება და
როგორ გულშემატკივრობდნენ, რომ როგორმე იქნებ კომუნისტებს და პრორუსებს გაემარჯვა მოლდოვაში. ყველაზე მარტივი და ნათელი ტესტია ამ ადამიანებისთვის, რომ დაინახონ საკუთარი თავი სარკეში, დაიმახსოვრონ 29 სექტემბერი ვის გულშემატკივრობდნენ და ვისი წარმატება უნდოდათ მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.


 

მსგავსი სიახლეები