"აბსურდი და უნამუსობა“ - ბაჩიაშვილის პირველი კომენტარი მშობლებისთვის ბრალის წარდგენაზე
"აბსურდი და უნამუსობა“ - ასე აფასებს "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელი, პატიმრობაში მყოფი, გიორგი ბაჩიაშვილი, მისი პენსიონერი მშობლებისთვის წაყენებულ ბრალს.
განცხადება ბიძინა ივანიშვილის მილიარდების ყოფილმა გამკარგავმა საკუთარ სასამართლო პროცესზე გააკეთა და თქვა, რომ საქმეები არის ბიძინა ივანიშვილის პირადი შურისძიება.
ჩემი საქციელი იყო განპირობებული უკიდურესი აუცილებლობით, ეს დადასტურდა ჩემი წამების ფაქტითაც, შესაბამისად, მაქსიმალური გავაკეთე, რომ ჩემი თავისა და ჩემი ახლობლების მიმართ ზიანი მაქსიმალურად ამეცილებინა.
ის, რომ 7 წლის წინ ნაყიდი ბინა და 4 წლის წინ ნაყიდი ავტომობილი, თურმე ფულის გათეთრების სქემაა, და ამის გამო მშობლები უნდა იყვნენ ბრალდებულები... 75 წლის მამა, ქირურგი, რომელიც მთელი ცხოვრებაა პაციენტებზე ზრუნავს და ასევე 65 წლის დედა, თვალის ექიმი, გამოიყვანეს სისხლის სამართლის დამნაშავეებად, ეს არის აბსურდი და უნამუსობა, ასე ადამიანისთვის ჩირქის მოცხება.
ამას სამართალთან ახლოს არაფერი აქვს და არც ადამიანობასთან კავშირი. გთხოვთ, ეს ყველაფერი გაითვალისწინოთ. სამწუხაროდ, ვერანაირად ვიქნები დარწმუნებული დღევანდელი სასამართლოს დამოუკიდებლობაში, მაგრამ გთხოვთ, თქვენ იყოთ მაქსიმალურად დამოუკიდებელი.
მე არ ვყოფილვარ დამნაშავე, არც დღეს ვარ დამნაშავე და მთელი ცხოვრება ვემსახურებოდი ჩემს სამშობლოს," - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.
ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილი 27 მაისს დააკავეს.
გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ის ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს და საქართველოში ძალის გამოყენებით ჩამოიყვანეს- სკანდალური განცხადება ივანიშვილის მილიარდების ყოფილმა მმართველმა სასამართლოში გააკეთა.
პროკურატურა ბაჩიაშვილის საქართველოში ჩამოყვანის საქმეზე გამოძიებას დღემდე არ იწყებს.
- შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის მილიარდების ყოფილ მმართველს ე.წ. ბიტკოინების საქმეზე სასამართლომ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა. ბაჩიაშვილს ბრალი კიდევ ორ საქმეზე აქვს წარდგენილი. ე.წ. მტკვარი ჰესისა და საზღვრის უკანო კვეთაზე.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ პატიმრობაში მყოფი "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
ცნობილ ექიმს, მარინა რამაზაშვილს, პროკურატურა მძიმე ბრალდებას უყენებს და ამტკიცებს, ბაჩიაშვილმა "ივანიშვილისგან მითვისებული 8 986.8675 ბიტკოინისთვის კანონიერი სახის მისაცემად საქმიანობაში თავისი მშობლები ჩართო".
აღსანიშნავია, რომ "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელმა მშობლები დაკავებამდე რამდენიმე კვირით ადრე მშობლები შეერთებულ შტატებში გაუშვა.