“ქართული ოცნება“ ზარქუას იცავს და ამტკიცებს, რომ მის ოჯახს კორუფციულ სკანდალთან კავშირი არ აქვს

01.10.25 13:33
“ქართული ოცნება“ ზარქუას იცავს და ამტკიცებს, რომ  მის ოჯახს კორუფციულ სკანდალთან კავშირი არ აქვს

დაიბარეს თუ არა ირაკლი ზარუქას სიძე პროკურატურაში გამოკითხვაზე ამ დრომდე უცნობია - კორუფციულ სკანდალთან დაკაშირებით განცხადება თავად “ოცნების“ დეპუტატს“ არ გაუკეთებია, თუმცა მის ნაცვლად ზარქუას და მისი სიძის ოჯახს “ქართული ოცნების“ წევრები იცავდნენ.

შალვა პაპუაშვილი და კახა კალაძე ამტკიცებდნენ, რომ კორუფციულ სკანდალთან მათი თანაგუნდელის ოჯახს არანაირი კავშირი არ აქვს და ჟურნალისტები ტყუიან.

ეს არის ცრუ ინფორმაცია, ირაკლი ზარქუას სიძეს “ლაგი კაპიტალთან“ არანაირი კავშირი არ აქვს, წლების წინ აღნიშნული კომპანია იყო გასხვისებული და არის კერძო საკუთრებაში. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ეს არის ტყუილი - აცხადებს კალაძე.

“შეთხზული“ უწოდა ამბავს შალვა პაპუაშვილმა და განაცხადა, რომ  ეს “ყალბი ამბავი ზარქუას რეპუტაციის შელახვას ემსახურება“.

2 წლის წინ იგივე მცდელობა იყო ამ ყალბი ამბით, რეპუტაციის შელახვის, ამაზე პასუხი გასცა ირაკლი ზარქუამ, მათ შორის პარლამენტის დარბაზიდან და ვერავინ შეედავა მას ამ განცხადებაში. კიდევ არის მცდელობა, ეს ყალბი ამბავი ხელახლა შეთხზათ. არანაირი კავშირი მისი ოჯახის წევრებს ამ ხელშეკრულების შესრულებასთან არ ჰქონიათ, - თქვა პაპუაშვილმა.

ირაკლი ზარქუა ბიუროს სხდომას დღეს არ დასწრებია, შესაბამისად, ჟურნალისტებს არ მიეცათ შესაძლებლობა მისთვის კითხვები დაესვათ.

ცნობისთვის, გუშინ, კომპანია “ლაგი კაპიტალის” ამჟამინდელი ხელმძღვანელები დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მოტყუებით დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე დააკავეს.

კომპანიას, რომელიც წარსულში „ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი ზარქუას სიძეს, ალექსანდრე ამისულაშვილს ეკუთვნოდა, სკოლებისა და ბაღების რეაბილიტაციაზე ტენდერები ერთი მეორის მიყოლებით ჰქონდა მოგებული. გამოძიება ამტკიცებს, რომ კომპანია “ლაგი კაპიტალმა“,  ტენდერები მოიგო და 94 მილიონი აიღო, თუმცა არც სკოლები ააშენა და არც ბაღები. 

  • ამ თემაზე ჟურნალისტური გამოძიება "შაბათის ეთერმა" ჯერ კიდევ გასულ წელს მოამზადა. იმ დროს როდესაც კომპანია "ლაგი კაპიტალმა" ტენდერები მოიგო, მას ირაკლი ზარქუას სიძე, [ცოლის ძმა] ალექსანდრე ამისულაშვილი ფლობდა. შემდეგ კი ამ კომპანიის გადაფორმება მოხდა. 

მსგავსი სიახლეები