სამადაშვილი: არალეგიტიმური ხელისუფლება ყოველდღე ზრდის საფრთხეს, რომ დღის წესრიგში დადგეს საქართველოს ევროსაბჭოდან გაძევების საკითხი
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ პირველად გაჟღერდა ევროსაბჭოში სახელმწიფოთაშორისი მექანიზმის ამოქმედების შესაძლებლობა ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ, რაც გულისხმობს წევრი ქვეყნების სარჩელს ადამიანის უფლებების დარღვევაზე. მისი თქმით, ეს უპრეცედენტო ნაბიჯი საქართველოს ევროსაბჭოდან გაძევების საფრთხესაც აჩენს.
პირველად გაჟღერდა ის, რომ უნდა განიხილოს ევროსაბჭომ სახელმწიფოთაშორისი მექანიზმის ამუშავება ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, რაც ნიშნავს იმას, რომ ევროსაბჭოს წევრმა სახელმწიფოებმა შეიტანონ სარჩელი ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტზე, ყველა იმ ვალდებულებების უგულებელყოფის გამო, რომელიც ჩვენ გვაქვს აღებული ევროსაბჭოს წინაშე. ეს არის უპრეცედენტო რამ, როდესაც ასეთი მოწოდება ჟღერდება, და ეს ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილის არალეგიტიმური ხელისუფლება რეალურად, ყოველ დღე ზრდის საფრთხეს, რომ დღის წესრიგში მათ შორის დაისვა ევროსაბჭოდან საქართველოს გაგდების საკითხი. ეს განგაშის ზარი უნდა იყოს საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, - ამბობს სამადაშვილი.
ევროსაბჭო ამზადებს ახალ რეზოლუციას, სადაც ხაზგასმულია „ქართული ოცნების“ რეპრესიული პოლიტიკა, სამოქალაქო საზოგადოების დევნა, საარჩევნო გარემოს გაუარესება და დემოკრატიის უკუსვლა საქართველოში. დოკუმენტის სამუშაო ვერსიაში ევროპელი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ოპოზიციის აკრძალვა ერთპარტიული დიქტატურის ოფიციალური დაკანონება იქნება. ასამბლეა შეშფოთებულია, რომ ხელისუფლება სისტემატურად არ ითვალისწინებს მის გაფრთხილებებსა და რეკომენდაციებს დემოკრატიული კრიზისის შესახებ, რასაც საერთაშორისო საზოგადოებაც იზიარებს.