ვინც რუსულ სპეცსამსახურებს ემსახურება, ყველას ფეხქვეშ მიწა იწვის - დათუნაშვილი
მიწა იწვის ყველა იმ ადამიანის ქვეშ, ვინც რუსულ სპეცსამსახურების ინტერესებს ემსახურება, - ასე ეხმიანება "ძლიერი საქართველოს" წევრი თამაზ დათნაშვილი სანქციების შესახებ ლევან ვასაძის განცხადებას. მისი თქმით, პრორუსი ბიზნესმენის დასანქცირება პირდაპირ აისახა როგორც თავად ვასაძის, ისე მისი ოჯახის ფინანსურ მდგომარეობაზე და ეს პროცესი მაგალითია იმისა, რაც მომავალში ყველა მსგავსი ინტერესების მქონე პირს ელოდება.
ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ემსახურება დღეს რუსული სპეცსამსახურების ინტერესებს საქართველოში და ქართული სუვერენიტეტის წინააღმდეგ იბრძვის სხვადასხვა ფორმით, ყველა ამ ადამიანის ფეხქვეშ მიწა იწვის და ყველა ის ადამიანი, ვინც ვერ მოახერხა ყველაფრის გადამალვა რუსეთში, ჩინეთში და კიდევ იმის იქით, ახლა არის პანიკაში. აი, ლევან ვასაძის განცხადება ამის დამატებითი მოტივაცია იქნება, რომ ეს პანიკა გამძაფრდეს, იმიტომ, რომ ვასაძე, როგორც რუსული სპეცსამსახურების ერთ-ერთი ინსტრუმენტი ამ ქვეყანაში, დასანქცირდა დიდი ბრიტანეთის მიერ და ამ სანქციის ეფექტი აისახა რეალურად მისი და მისი ოჯახის მდგომარეობაზე. ეს ელის აბსოლუტურად ყველას, - ამბობს თამაზ დათუნაშვილი.
პრორუსი ბიზნესმენი ლევან ვასაძე აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად, "თიბისი" და "საქართველოს ბანკმა" მისი და მისი ოჯახების ანგარიშები დაბლოკა.
როგორც ვასაძე წერს, აღნიშნული ფაქტის შემდეგ საბანკო მომსახურება მას და მის ოჯახს სხვა ბანკებმაც შეუზღუდეს.