"ყველა დასანქცირებული ვასაძის მდგომარეობაშია" - ექსპერტები ბრიტანული სანქციების სიმძიმეზე საუბრობენ
პრორუსი ბიზნესმენის, ლევან ვასაძის განცხადების შემდეგ ექსპერტები ბრიტანული სანქციების სიმძიმეზე საუბრობენ. "პრევენცია პროგრესისთვის" გამგეობის თავმჯდომარე, ტატო ქელბაქიანი განმარტავს, რომ სანქციების ეფექტი საქართველოშიც იგრძნობა და ადგილობრივ ბანკებს ამ შეზღუდვების შესრულება უწევთ. მისი თქმით, რაც უფრო მდიდარია ადამიანი, მით მეტად დამაზიანებელია მისთვის აღნიშნული სანქციები.
მნიშვნელობა არ აქვს ბიძინა ივანიშვილი შეინარჩუნებს თუ არა ბრიტანულ ოფშორებს. ეფექტი, რეალურად, არის აქ, ადგილზე, იმიტომ, რომ ქართულ ბანკებს უწევთ ამ სანქციების შესრულება არა მარტო იმ პირის მიმართ, ვინც უშუალოდ წერია სიაში, არამედ ყველა მისი კომპანიის, დაკავშირებული პირი და ოჯახის წევრის მიმართ. ამიტომ, ეს არის უმძიმესი ეფექტი. რაც უფრო მდიდარია ადამიანი, მით უფრო დამაზიანებელია მისთვის, - ამბობს ექსპერტი.
ფინანსისტი გიორგი კეპულაძე ამბობს, რომ ყველა, ვინც დიდი ბრიტანეთის მიერ არის დასანქცირებული, ლევან ვასაძის მდგომარეობაშია. მისი თქმით, სანქციების სიმძიმე "ქართული ოცნების" ჩნივნიკებს კარგად ესმით და ცხადია, რომ ნერვიულობენ.
გიორგი კეპულაძე პირდაპირ ამბობს, რომ "ქართული ოცნება" ახლა "ბოომდე მიწოლის რეჟიმშია", თუმცა ეს მანამ, ვიდრე "ფეხი დაუცდებათ".
ყველა, ვინც არის დასანქცირებული დიდი ბრიტანეთის მიერ და ვის მიმართაც ფინანსური სანქციები დაწესდა, ყველა არის ლევან ვასაძის, მისი ოჯახის და ბიზნესის მდგომარეობაში. ანუ, მათ შეზღდული აქვთ საბანკო პროდუქტებზე წვდომა, საკუთარ ანგარიშებზე წვდომა, შესაძლებელია მათ მფლობელობაში არსებულ ბიზნესთან დაკავშრებითაც შეექმნათ პრობლემა, ამიტომ ძალიან მძიმეა ეს სანქციები. ძალიან კარგად იციან, მათ შორის, "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებმა და როგორც ხედავთ, ისინიც ძალიან ნერვიულობენ. "ქართული ოცნება" ბოლომდე მიწოლის რეჟიმშია მანამ, სანამ ფეხი არდ აცდებათ და ფეხი რომ დაუცდებათ, შემდეგ ამას შეიძლება, ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვეს მათთვის პოლიტიკურად, რა თქმა უნდა, - ამბობს კეპულაძე.
პრორუსი ბიზნესმენი ლევან ვასაძე აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად, "თიბისი" და "საქართველოს ბანკმა" მისი და მისი ოჯახების ანგარიშები დაბლოკა.
როგორც ვასაძე წერს, აღნიშნული ფაქტის შემდეგ საბანკო მომსახურება მას და მის ოჯახს სხვა ბანკებმაც შეუზღუდეს.