"ოცნების" დიპლომატიური სკანდალი - რას ამბობენ ექსპერტები?

16.10.25 16:04
"ოცნების" დიპლომატიური სკანდალი - რას ამბობენ ექსპერტები?

დიპლომატიური სკანდალი - "ქართულ ოცნებასა" და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეუთოს თავმჯდომარის, ელინა ვალტონენს შორის განვითარებულ მოვლენებს ექსპერტები აფასებენ და ამბობენ, რომ "ოცნებამ" ევროკავშირის და NATO-ს კიდევ ერთ ქვეყანასთან გაიფუჭა ურთიერთობა. 

სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევის ხელმძღვანელი, ვალერი ჩეჩელაშვილი აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძე, რომ გაყოლოდა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს საოკუპაციო ხაზთან, მას ექნებოდათ საკმარისი დრო იმისთვის, რომ გამოესწორებინა ურთიერთობები ამ ქვეყანასთან, თუმცა ეს არ მოხდა. 

ჩვენ ქართველებს ხომ გვიყვარს პირველობა საერთოდ და ეს კიდევ ერთი ისეთი შემთხვევაა, რომელიც გინესის წიგნში შეტანის ღირსია, ასეთი პრაქტიკა მე ნამდვილად არ მახსოვს, არცერთი შემთხვევა არ მახსენდება. მაგრამ ეს არ არის თავისთავად მარტო ჯარიმა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ, სამწუხაროდ, ევროკავშირის და NATO-ს კიდევ ერთ ქვეყანასთან უაღრესად გაგვიფუჭდა ურთიერთობები. 

მაგალითად, ბატონი ირაკლი კობახიძე, რომ წაყოლოდა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს გამყოფ ხაზთან, მას ექნებოდა დაახლოებით სამი საათი ურთიერთობების ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან და ესმისცემდა საშუალებას, რომ გამოესწორებინა ურთიერთობები ამ ქვეყანასთან. სამწუხაროდ, ეს არ მოხდა და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ," - ამბობს ვალერი ჩეჩელაშვილი. 

"ევროპულ - ქართული ინსტიტუტის" დამფუძნებლის, გიორგი მელაშვილის განცხადებით, "ვალტონენის პასუხმა ავტორიტარულ პრემიერმინისტრს შეახსენა რა არის დემოკრატია".

ვალტონენის პასუხმა შეახსენა ავტორიტარულ პრემიერმინისტრს რა არის დემოკრატია, როგორ მუშაობს დემოკრატია და ამავდროულად გასცა პასუხი იმ შეკითხვაზე, ვინ გააუქმა შეხვედრა. ასე, რომ ჩვენ დავინახეთ დიპლომატიური კლასი, რომელიც კარდინალურად განსხვავდება იმისგან, რასაც ვხედავთ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებისგან, რაც არის უფრო ზახაროვას და ლუკაშენკოს სტილი. 

ამ მხრივ სიახლე არ არის, "ქართული ოცნება" ყოველთვის ცდილობს, რომ შექმნას პარალელური რეალობა, სადაც თითქოს ისინი არიან ძლიერები, მაგრამ სინამდვილეში ძალიან ნათელი არის, რომ ამ ბაქი-ბუქის უკან არაფერი არ იმალება," - განაცხადა მელაშვილმა. 

ცნობისთის, ორი დღიანი დუმილის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა "პირველების" ინფორმაცია, რომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ელინა ვალტონენი 5000 ლარით დაჯარიმდა.  

მსგავსი სიახლეები