არქიმანდრიტ ილია თოლორაიას მღვდელმოქმედების უფლება აუკრძალეს
არქიმანდრიტ ილია თოლორაიას, მოსაყდრე შიოზე გაკეთებული განცხადებების შემდეგ, მღვდელმოქმედებების უფლება აუკრძალეს - ამის შესახებ ცნობა საქართველოს საპატრიარქოს Facebook გვერდზე გავრცელდა.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, არქიმანდრიტს მღვდელმსახურება აეკრძალა, "ვიდრე არ გამოავლენს გულწრფელ სინანულს".
ბრძანების თანახმად, პატრიარქმა ილია მეორემ დააკმაყოფილა ეპარქიული კომისიის წარდგინება.
"სამების საპატრიარქო ლავრის მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ ილიას (თოლორაია), ეპისკოპოსის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ზოგადად ეკლესიის იერარქებისადმი ცილისმწამებლური განცხადებებისათვის, ეპარქიალური კომისიის წარდგინების საფუძველზე, აეკრძალოს მღვდელმოქმედების უფლება, ვიდრე არ გამოავლენს გულწრფელ სინანულს" - წერია ბრძანებაში.
“კირიონის, ამბროსის, ჩვენი დიდი პატრიარქების შემონახულ ეკლესიას ეგზარქოს მეუფე შიოს არ გადავაბარებთ”, - თქვა არქიმანდრიტმა ილია თოლორაიამ, ამის შემდეგ სასულიერო პირი საპატრიარქოში კომისიის სხდომაზე დაიბარეს.
საპატრიარქოდან გამოსულმა არიმანდრიტმა მედიას უთხრა, რომ მას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ მხარი ჰკრა.
არქიმანდრიტი ილია თოლორაია არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად აქტიურად არის ჩართული პროევროპულ პროტესტში.