ვინ მისცა ჩვენება პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ და რა დევს საქმის მასალებში?
ვინ მისცა ჩვენება 8 პოლიტიკური ლიდერის წინააღმდეგ და რა დევს საქმის მასალებში? - ადვოკატები პროკურატურისგან საქმის მასალების გადაცემას ელოდებიან. ნიკა მელიას და გიორგი ვაშაძის უფლებადამცველები უკვე გვარაკიძის უწყებაში იმყოფებიან.
მელიას ადვოკატის თქმით, ბრალის დადგენილებაში ნახსენებია ფარული მასალები, ასევე საუბარია, რომ კონკრეტული ოფისებიდან კონკრეტული მასალები ამოიღეს, თუმცა უფლებადამცველი ამბობს, რომ ეს ყველაფერი საქმესთან კავშირში არ არის.
ბრალის დადგენილებაში წერია, რომ მათმა მოიპოვეს რაღაც ფარული მასალები, მათ შორის თავდაცვის და საგარეო სამინისტროებიდან ამოიღეს მტკიცებულებები, მაგრამ ამ მტკიცებულებებს ზოგადად ვერანაირი კავშირი ვერ ექნება ნიკა მელიასთან. მათ შორის ასევე მტკიცებულების სახით საბრალდებო დასკვნაში მითითებულია, რომ კონკრეტული ოფისებიდან რაღაც კონკრეტული მასალები ამოიღეს, რაც თითქოს კავშირშია ამ საქმესთან. რა თქმა უნდა, ნიკა მელიასთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენ აბსურდულ ბრალს წარუდგენენ. ამ ბრალსაც ის შეხვდა ღიმილით. ნიკა მელიას ამ აბსურდული საქმის სდომებზე სიარულს არ აპირებს",- აცხადებს ნიკა მელიას ადვოკატი.
ბრალის აბსურდულობაზე საუბრობს გიორგი ვაშაძის ადვოკატიც.
ცოტა სასაცილოა გიორგი ვაშაძის დადანაშაულება იმაში, რომ თურმე ის სხვა ქვეყნის სასარგებლოდ რაიმე ინფორმაციას გადასცემდა. რადგან ჩვენ ბრალის დადგენილებაში მითითებული გვაქვს, რომ მტრული ქვეყნების წინააღმდეგ - რომელი ქვეყანა გამოდის მტრული ქვეყანა და არა კეთილისმსურველი საქართველოსთვის, ეს ძალიან საეჭვოა. ეს უნდა იყოს უკრაინა ან რომელიმე ევროპული ქვეყანა, ან ევროკავშირი", - ამბობს ვაშაძის ადვოკატი.
- რა ჩადო სუს-მა საქმეში ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ - "პირველებმა" დოკუმენტი მოიპოვა
- ირკვევა, რომ სუს-მა საქმეში ჩადო ფარული ჩანაწერები, რომელსაც ერთი წელი მალავდა. ერთი-ერთი არის ფარული აუდიო ჩანაწერები - სავარაუდოდ ეს არის სატელეფონო საუბრები. ასევე დოკუმენტში არის მოწმეთა ჩვენებები, თუმცა კონკრეტულად არ სახელდებიან პირები, ვინც ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ ჩვენებები მისცეს.
- გარდა ამისა, საქმეში დევს სატელეფონო ანძებიდან ამოღებული ჩანაწერები. მაგალითად, ინფორმაცია არის აღებული კომერციული ბანკიდანაც. ასევე ინფორმაცია არის გამოთხოვილი საგარეო საქმეთა სამინისტროდან და თავდაცვის სამინისტროდან. დოკუმენტში არის ასევე კრეფსებზეც ინფორმაცია.
ვის რას ედავება პროკურატურა:
- მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
პროკურატურა ამბობს, რომ პოლიტიკოსები ვინც დაკავებულები არიან, ციხეს დათქმულ ვადაში დატოვებენ და ამის შემდეგ დაელოდებიან ახალ განაჩენს.