მსოფლიო "ქართულ ოცნებას" ვერ დაელოდება - პასუხი ბრიუსელიდან

07.11.25 17:09
მსოფლიო "ქართულ ოცნებას" ვერ დაელოდება - პასუხი ბრიუსელიდან

 

 

მსოფლიო საქართველოს ხელისუფლებას ვერ დაელოდება - ასე პასუხობენ ბრიუსელში "ქართული ოცნების" ახალ განცხადებებს. დღეს ივანიშვილის პარტია ამტკიცებს, რომ თითქოს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის გაყინვა ბრიუსელის ბრალია. 

"ეს არის ტყუილი" -  ამბობს "პირველებისთვის" მიცემულ ინტერვიუში სერგეი ლაგოდინსკი. ევროპელი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ალიანსის წევრობა დამსახურებასა და მონდომებაზეა დამოკიდებული.

"არ ვართ სულელები - შეიძლება ყოველთვის არ ვამბობთ იმას, რასაც ვფიქრობთ დიპლომატიის გამო, მაგრამ გვესმის რაც ხდება"- ეუბნებიან ივანიშვილის პარტიას ბრიუსელიდან. 

ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი სტრატეგიაა, რომ თავდაცვით დავიღალოთ. არ ვფიქრობ, რომ თავის დაცვა გვჭირდება. მახსოვს, როგორ ვცდილობდით ევროპარლამენტარები, რომ საქართველო სამ ქვეყანას შორის მოხვედრილიყო, რომლებიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებდა.

როგორი ენთუზიაზისტები ვიყავით, მიუხედავად კრიტიკისა.  ამიტომ, თავს არ დავიცავთ, რადგან ეს არ გჭირდება. ამ მთავრობამ მიიღო მკაფიო გადაწყვეტილება, მათ არ სურთ ევროკავშირში ინტეგრაციაა და აგრძელებენ ევროკავშირის დისკრედიტაციას. ჩვენ შეიძლება ვიყოთ დიპლომატიურები, მაგრამ არ ვართ სულელები. შეიძლება ყოველთვის არ ვამბობთ იმას, რასაც ვფიქრობთ დიპლომატიის გამო, მაგრამ გვესმის რაც ხდება.  

მსოფლიო ამ მმართველ პარტიას ვერ დაელოდება, როდის გადაწყვეტენ და როდის მოუნდებათ ევროკავშირში გაწევრიანება. ევროკავშირი არ დაგელოდებათ, არც კანდიდატები დაგელოდებიან. 2030-ში დიდი გაფართოება იქნება, ქვეყნები, რომლის მთავრობებსაც სურთ ევროკაშირში გაწევრიანება, გაწევრიანდებიან, ქვეყნის სამომავლო ტრაექტორიისთვის, ეს იყო გარდამტეხი მომენტი, და ეს მომენტი თქვენმა მმართველებმა შეცვალეს და არა ევროკავშირმა"- განაცხადა სერგეი ლაგოდინსკიმ.

რა დაწერა სამთავრობო მედიამ?  

სამთავრობო არხმა ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის წერილი გამოაქვეყნეს, რომელიც მათი მტკიცებით, 2025 წლის 5 ნოემბერს  ელჩმა საგარეო საქმეთა სამინისტროში გააგზავნა.

დღეს ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი კობახიძის განცხადებამდე 5 თვით ადრე, ევროკავშირის გადაწყვეტილებით შეჩერდა.

რა მოხდა სინამდვილეში? 

ცნობილია, რომ  ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების შესახებ დასკვნა 2024 წლის 27 ივნისს საჯაროდ გამოაქვეყნა. დასკვნაში ევროპულმა საბჭომ აღნიშნა, რომ "ასეთი ქმედებების კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და გაწევრიანების პროცესს დე-ფაქტო აჩერებს".

საჯაროდ არსებული განცხადებებით დასტურდება ისიც, რომ ევროპულმა საბჭომ გარკვეული დათქმაც გააკეთა - თქვა, რომ თუ უკან გაიწვევდა ე.წ. რეპრესიულ კანონს, მათ შორის "რუსულ კანონს" სახელით ცნობილ კანონპროექტს, მაშინ  ურთიერთობები ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდებოდა.

მსგავსი სიახლეები