"საქართველოსთვის გაფრთხილება იყო ელჩზე თავდასხმების საპასუხოდ" - AFP ფიშერის გაწვევასა და დაბრუნებაზე
გერმანიის საგარეო სამინისტროს ცნობით, პეტერ ფიშერის გაწვევა საქართველოსთვის გაფრთხილება იყო ელჩისა და დასავლეთის წინააღმდეგ გახშირებულ თავდასხმებთან დაკავშირებით - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “ფრანს პრესი” ავრცელებს.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა 7 ნოემბერს განაცხადა, რომ გერმანიის მკაფიო მოლოდინია საქართველოს მთავრობამ “თავი შეიკავოს ელჩზე თავდასხმებისგან” და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ელჩის ბერლინში კონსულტაციებისთვის გაწვევა რამდენიმე კვირის წინ წამოადგენდა “ძალიან ნათელ დიპლომატიურ სიგნალს” საქართველოს მმართველი ძალისთვის", - წერს სააგენტო.
“ფრანს პრესის” ინფორმაციით, ბერლინსა და თბილისს შორის საუბრები უკვე შედგა, გერმანიის საგარეოს პრესსპიკერმა კი განაცხადა, რომ ახლა უკვე “ქართველ ლიდერებს მათი ქმედებების მიხედვით” შეაფასებენ და დამატებით დასკვნას ამაზე დაყრდნობით გამოიტანენ.
- შეგახსენებთ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 19 ოქტომბერს განაცხადა, რომ ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია. ორი დღის წინ კი უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დიპლომატი საქართველოში დაბრუნდა.
დღეს გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა სოციალრუ ქსელში დაწერა, რომ "სასიამოვნოა თბილისში დაბრუნება". დიპლომატი მადლობას უხდის იმ ადამიანებს, ვინც მადლიერებით და სოლიდარობით მიიღო.
სააგენტო “ფრანს-პრესი” საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე წერს:
“საქართველო უკვე დაახლოებით ერთი წელია ღრმა პოლიტიკურ კრიზისშია. გასული წლის ოქტომბერში გამართული საკამათო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სადაც პრო-რუსულმა მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნებამ“ თავი გამარჯვებულად გამოაცხადა, ათასობით ოპოზიციური აქტივისტი თვეების განმავლობაში გამოდიოდა პროტესტზე. თუმცა, ბოლო პერიოდში პროტესტის მოძრაობამ თვალსაჩინოება დაკარგა, ხოლო მრავალი ოპოზიციონერი და ჟურნალისტი დააკავეს.
ოპოზიცია და მომიტინგეები ხელისუფლებას ადანაშაულებენ იმაში, რომ იგი სულ უფრო ავტორიტარული ხდება და თანდათან უახლოვდება რუსეთს. მთავრობა ამ ბრალდებებს უარყოფს”.
შეგახსენებთ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 19 ოქტომბერს განაცხადა, რომ ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია. ორი დღის წინ კი უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დიპლომატი საქართველოში დაბრუნდა.