"დამდგარი რეალობის რჩეული ის იქნება, ვინც კარიერის ჩრდილში გადაკიდებულ შუბლის ძარღვს მორიგ ჯერზეც გადაახტება" - ირაკლი ვეკუა

12.11.25 19:01
"დამდგარი რეალობის რჩეული ის იქნება, ვინც კარიერის ჩრდილში გადაკიდებულ შუბლის ძარღვს მორიგ ჯერზეც გადაახტება" - ირაკლი ვეკუა

"დამდგარი რეალობის რჩეული ის იქნება, ვინც კარიერის ჩრდილში გადაკიდებულ შუბლის ძარღვს მორიგ ჯერზეც გადაახტება და შესაძლებლობის ფანჯარას თავგანწირვით შეამსხვრევს," - ამის შესახებ ირაკლი ვეკუა სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება. 

  • ირაკლი ვეკუა გასული წლის დეკემბრამდე იტალიაში ელჩის მოვალეობის შემსრულებელი იყო. 

ყოფილი დიპლომატი აღნიშნავს, რომ გასაკვირია, თუ სადამდე შეიძლება ითმინო როდესაც კონსტიტუციას თავზე გახევენ და სახელმწიფოს საგარეო კურსს გიცვლიან, საკუთარ ქვეყანას თავის ტერიტორიაზე ომის დაწყებაში ადანაშაულებენ, უმაღლეს მთავარსარდლად უწიგნურს და უნამუსოს გინიშნავენ, საგარეო უწყებას პარტიულ ოფისად გიქცევენ, ხალხს ქუჩაში და მანქანებში სცემენ, ცრუ მოწმეებით ციხეში სვამენ და მერე ამ ხალხზე ტროლად დასაქმებულ ადამიანებს გეშავენ. 

... და აი, ახლადდანიშნული ელჩის სტატუსით გაბადრული, სასახლისკენ  მიემართები. გზად ადგილსამყოფელი სახელმწიფოს უმაღლესი ხელისუფალისთვის გადასაცემ სიგელებს ფურცლავ და სინდისთან კომპრომისზე წასული ადამიანის მაშველი ფრაზების - never say never და c'est la vie წამიერი გაფიქრებით, მოხამუშო-ირონიულ მზერას აპყრობ ათონელზე შესახლებული "ალანიას" ცენტრფორვარდის ხელრთვას...

სწორედ ქვეყნისთვის კრიტიკულ დროს ძლიერდება სოლომონისეულ სიბრძნეს თავშეფარებული და ჩვენი მეზობლის ენაზე გაჟღერებული მაშველი ინსტინქტი - "И это пройдет!",  რომელიც ქართველი დიპლომატის სინდისს უხერხულ ტვირთად აწვება. ქვეყნის ინტერესებიდან პირადი კეთილდღეობისკენ გადარწევის ცდუნება ხომ ყველა ეპოქისა და წარმოშობის მოხელეს სწვევია, que la terre soit légère à notre bon ami Charles-Maurice. 

...თუმცა, მალევე, ამ ტრაგი-კომიკურ გარემოებაზე ფიქრს უკუაგდებ და შენს ნაკლებად ერუდირებულ, უსაქმურ კოლეგებს გაიხსენებ, რომლებსაც მსგავსი უხერხულობა არც არასდროს შექმნიათ. შეიძლება ოდნავ შეგშურდეს კიდეც მათი. ამიტომ, ყველა ქვეცნობიერ აზრს გააქრობ, პროტოკოლს მორჩილად მიჰყვები და სიგელებს ადრესატს გადასცემ.

შეხვედრაზე კი, თავდაჯერებულად მოჰყვები ქართული რენესანსის სკლინტში გაჭედილი სამშობლოს მისწრაფებებისა და პროგრესის შესახებ.

ბუნებრივია, დიფ სთეითთან და ომის პარტიებთან ჰეროიკულ ბრძოლაზე სიტყვასაც არ დაძრავ, რადგან გაგახსენდება, რომ ეს მითები მესიჯბოქსის უხილავმა ავტორმა წვნიანს მიძალებულ აუდიტორიაზე გათვალა. ამგვარად, საკუთარი რეპუტაციის რაღაც ნაგლეჯსაც შემოინახავ შეურყვნელად და მასპინძლის მხრიდან შეფარულ დაცინვასაც თავს აარიდებ. 

საუბრისას რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების პერიპეტიათა ლაბირინთებშიც ოსტატურად გაიკვლევ გზას და არც მომავალში მოსალოდნელ სიურპრიზებს შეუშინდები. მართალია паранойя будет крепчать и прогрессировать, მაგრამ ამხელა გამოცდილება ხუმრობა ხომ არ არის - როგორღაც გაუმკლავდები.

შეხვედრის შემდგომ, ცერემონიის ფოტოებს საგარეოს ფბ-ზე ატვირთავენ, რასაც ათეული კონფორმისტი კოლეგა, ტროლების ლაშქარი და ბონუსად, მავანი ბოჟაძე მოიწონებს. იქვე წამოვა ჩვეული "წარმატებების" ნიაღვარი. ნიუსს აუცილებლად გააზიარებენ ოცნების ერთგული ნუნუ დეიდები და შაქრო ბიძიები, გროშების შემყურე მუნიციპალიტეტელები და პედაგოგ-მასწავლებლები, რომლებსაც მცირე ხნით დააჯერებენ, რომ შენ ამ პროტოკოლური შეხვედრით "ვაბშე" ყველა ცნობილი სახელი დაძირე, ვისაც კი ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში ოდესმე უტივტივია. 

ამბასადორთა საერთო ჩათში წარმატებას მოგილოცავენ პროფესიონალი ყუფარიები, ვისთანაც სასურველი დედაქალაქის გამომუშავებაში არაერთი  ბრძოლა გადაგიტანია წესების გარეშე, ხოლო ყოფილი კოლეგების მხრიდან წამოსულ კრიტიკაზე გეტყვიან, რომ ყურადღებად არ ღირს,  რადგან ისინი გაბოროტებულები, მოღალატეები, ჩანერგილები და აგენტები არიან. 

თუ ვინმე კრიტიკით თავს მოგაბეზრებს, არის საშუალება დაიჩივლო და ქართული სიტყვაკაზმულობის უგვირგვინო მეფეს - პოლიციის ერთ-ერთ ატაშეს აუშვებენ, რომელიც ჩვეული სითბოთი და მზრუნველობით მოიხსენიებს საგარეოდან წასული, თუ მოქმედი დიპლომატების დედის მუ**ებს.

მერე და მერე, შენი ყოფილი კოლეგები რუსთაველზე თუ გალახეს, ან გაატუსაღეს (არის მაგალითები), გაუციებელ სავარძლებზე აბობღებული ჩინოვნიკების ინსტრუქციის მიხედვით, მასპინძელ დიპლომატებს შეხვდები (თუ შეხვდები) და ეტყვი, რომ ეს ხალხი გასალახი და დასაჭერი იყო. ადგილობრივ ტელევიზიასაც სიამოვნებით ჩაერთვები (თუ ჩაგრთეს) და იგივეს მოუყვები, ხოლო თუ გაგიჭირდა, ერთი-ორ ქართველ ელჩს გადაურეკავ და კრიზისულ სიტუაციებში მედიასთან ურთიერთობის შესაშურ გამოცდილებას გაიზიარებ. 

ამგვარი თავგადასავლებით გაფერადებული მისიის ფონზე, შეიძლება შენს რომელიმე ყოფილ კოლეგას გულწრფელი სურვილი გაუჩნდეს, რომ მომავალ ამბასადორიალზე სულ ორიოდე წუთით შემოარბინოს - მონაწილეებს შეხედოს, კიდევ ერთხელ დარწმუნდეს, თუ რანი იყავით და რად იქეცით (ან რად დარჩით) და ამგვარად, თავის დაუსრულებელ გაკვირვებასაც ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაუსვას.

გასაკვირი კი, მართლაც არის, თუ სანამდე შეიძლება ითმინო,  როდესაც კონსტიტუციას თავზე გახევენ და სახელმწიფოს საგარეო კურსს გიტრიალებენ; საკუთარ ქვეყანას თავის ტერიტორიაზე ომის დაწყებაში ადანაშაულებენ და მერე ამ ომში დაღუპულების ხსოვნის ადგილზე უცნაურად გამდიდრებული ჩინოვნიკების ფოტოსესიას აწყობენ; უმაღლეს მთავარსარდლად უწიგნურს და უნამუსოს გინიშნავენ, რომელსაც, თავისი უარით ერთადერთი ღირებული რამ შეეძლო გაეკეთებინა და არ/ვერ გააკეთა;  სახელმწიფო დროშის აღმართვის და ჰიმნის გაჟღერების დიაპაზონს სპორტულ ღონისძიებებამდე გიმცირებენ; საგარეო უწყებას პარტიულ ოფისად გიქცევენ და შენს მრავალი წლის კოლეგებს სამსახურიდან უშვებენ; ხალხს ქუჩაში და მანქანებში სცემენ, ცრუ მოწმეებით ციხეში სვამენ და მერე ამ ხალხზე ტროლად დასაქმებულ ადამიანებს გეშავენ, სიძულვილს აღვივებენ, ხოლო ყოველი ასეთი ნაბიჯის გადასაფარად, წლების წინ ჩადენილ უსამართლობას გახსენებენ, რომლის მოქმედი პირები დღესაც გვერდში ჰყავთ; ფარისევლობას საჯარო მოხელის დაწინაურების ყველაზე ეფექტიან გზად წარმოგიჩენენ და კიდევ აქამდე წარმოუდგენელ მრავალ ხილულ, თუ უხილავ სასწაულს გთავაზობენ. 

თუმცა, შენთვის ხომ მთავარი დიპლომატის ყველა სიკეთით სარგებლობა და იმ ჯაჭვის უწყვეტობაა, რომელსაც დედაქალაქიდან დედაქალაქში გადასვლისას, ან ტიფლისში დარჩენა/გაღწევისას ებღაუჭები. ოდნავი დაეჭვების შემთხვევაში კი, საკუთარ თავს როგორმე შთააგონებ, რომ დიდ პოლიტიკაში, გლობალური ძვრების ფონზე, ყველასაგან გაწირულ სამშობლოს სწორედ შენ სჭირდები, აქ და ახლა. 

დანარჩენების აზრს და გადაწყვეტილებებს შენი პატრონების ლექსიკონის მიხედვით, მცდარ აღქმებად შერაცხავ. მეტი სიმტკიცისთვის სპორტული დარბაზის თავმჯდომარის მიერ დიპლომატის დღეზე წარმოთქმულ ეპიკურ სიტყვას გაიხსენებ და შეეცდები გაითავისო, რომ სხვებს "მოჩვენებითი გლობალური ტენდენციები უფრო ეძვირფასებათ, ვიდრე საკუთარი სამშობლოს თუნდაც მცირე მასშტაბის ადგილობრივი მნიშვნელობის, მაგრამ რეალური სასიცოცხლო და გადამწყვეტი ინტერესები". 

მართალია, აქ შეიძლება ისევ შემოგიჩნდეს ეჭვის ჭია და ამ "რეალურ სასიცოცხლო ინტერესებზე" ფიქრმა მსოფლიოს რომელიმე დედაქალაქიდან ბოლოს სამტრედია-გრიგოლეთის ჩანგრეულ ხიდამდე მიგიყვანოს, მაგრამ...

დამდგარი რეალობის რჩეულიც ხომ სწორედ ის იქნება, ვინც კარიერის ჩრდილში გადაკიდებულ შუბლის ძარღვს მორიგ ჯერზეც გადაახტება და შესაძლებლობის ფანჯარას თავგანწირვით შეამსხვრევს. 

Buona vita a voi!" - ირაკლი ვეკუა. 

მსგავსი სიახლეები