ქართველი დიპლომატები ფუნქციის გარეშე - რას აკეთებენ და ვის ხვდებიან ელჩები
ევროკავშირთან და აშშ-სთან ურთიერთობების დაპაუზების ფონზე, როდესაც საქართველო ბრიუსელის დღის წესრიგის მიღმა დარჩა, სხვადასხვა ქვეყანაში დანიშნული ქართველი დიპლომატების საქმიანობა მნიშვნელოვნად შეიზღუდა.
"პირველები" ელჩების სოციალური ქსელებით დაინტერესდა, საიდანაც ირკვევა, რომ ელჩები და საელჩოების წარმომადგენლები ძირითადად არადიპლომატიური ხასიათის შეხვედრებს მართავენ: ხვდებიან „ევროვიზიის“ კონკურსანტებს, მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებთან გაცნობით ღონისძიებებში, ესწრებიან სპორტულ კლუბებსა და კულტურულ ღონისძიებებს.
ეს აქტივობები სრულად ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რადგან დიპლომატიური მისიის კლასიკური მიმართულებები - პოლიტიკური დიალოგი, ევროპულ ინსტიტუტებთან მუშაობა და სტრატეგიული ურთიერთობები ამჟამად შეზღუდულია.
"ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ "ოცნების" პირობებში დიპლომატია ბურაფორიულ წარმონაქმნად იქცა. მისი თქმით, ახლა დიპლომატები ცდილობენ, წარმოაჩინონ, თითქოს რაღაც საქმით არიან დაკავებულები.
დიპლომატიური სამსახურის ჩამოშლა წლების მანძილზე მიმდინარეობდა. ახლა, რაც დარჩა, ბუტაფორიული წარმონაქმნი, მათ არც დავალება აქვთ, არც შესაძლებლობა აქვთ და არც არანაირი დღის წესრიგი არ აქვთ, რომ ემსახურონ საქართველოს ინტერესებს, მაგრამ, როგორც ჩანს, აქვთ მიღებული დავალება, რომ შექმნან ერთგვარი სიმულაციური მოტყუების პროცესი, რომ ისინი რაღაც საქმით არიან დაკავებული, იმიტომ, რომ ამაში ძალიან ბევრ ფულს ხარჯავს საქართველოს გადასახადების გადამხდელები, რომლებიც ინახავენ ბიუჯეტიდან ამ ხალხს. ის, რასაც დღეს დაემსგავსა ქართული დიპლომატია, ეს არის, უბრალოდ, მოჩვენებითი ცირკი, საცირკო სანახაობა. ასეთ დაბალ ნიშნულზე ჩვენი სახელმწიფოს შექმნის გარიჟრაჟზეც კი, ალბათ არ იყო ჩვენი დიპლომატიური სამსახური, - ამბობს სალომე სამადაშვილი.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თეონა აქუბარდია ამბობს, რომ კეთილსინდისიერი კადრები საგარეო უწყებიდან გაათავისუფლეს, ხოლო დარჩენილი დიპლომატები სისტემაში მხოლოდ ხელფასისა და კომფორტული ევროპული ცხოვრების გამო დარჩნენ.
ის დიპლომატები, რომლებმაც ერთგულებაზე მოაწერეს ხელი საქართველოს კონსტიტუციური საგარეო კურსის, მაკა ბოჭორიშვილმა გარეთ გამოუშვა. შესაბამისად, ის მორჩილი დიპლომატები, რომლებიც ხელფასის გამო დარჩნენ და ხალხის კეთილდღეობის ხარჯზე კარგი ცხოვრების მოსაწყობად, ბუნებრივია, იმ სასაცილო საქმით არიან დაკავებული, რომელიც მათ შორის მათ ფბ გვერდებიდან მკაფიოდ ჩანს. აბსოლუტურად არაფერი აღარ აის დარჩენილი გარდა ხელფასისა და კარგი ევროპული ცხოვრებისა, რომელიც საქართველოსთვის არ ემეტებათ, როგორც ხედავთ, ეს არის ის დაბეჩავებული სახე ყოფილი დიპლომატიის, რომელიც ივანიშვილმა შემოინახა მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ თავისი ინტერესების აკეთოს ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, - ამბობს თეონა აქუბარდია.