"ოცნება" იზოლაციაში - პაპუაშვილი აღიარებს, რომ ივანიშვილის გუნდს არ ელაპარაკებიან
შალვა პაპუაშვილი აღიარებს, რომ "ოცნებას" არ ელაპარაკებიან - "ოცნების" პარლმენტის თავმჯდომარე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ადამიანის უფლებათა დაცვაზე ყოველწლიური დიალოგის შეხვედრის ჩაშლას და ამ საკითხზე საგარეოს განცხადებას დღეს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
პაპუაშვილი საგარეო უწყების მსგავსად ამტკიცებს, რომ ბრიუსელს პოზიციები დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული და ამის გამო "ოცნებასთან" საუბარს გაურბის.
„გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, თან სწორედ იმ საკითხებზე, რომლებზეც, რომ ჰკითხო, ყველაზე მეტი სათქმელი ექნებოდათ.
მიზეზი მარტივია - როდესაც საკუთარი პოზიციები ცრუ ნარატივებზე და დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ზუსტად იცი, რომ პირველივე არგუმენტირებულ საუბარში ეს ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვის შეხებით ჩამოგეშლება.
სიმართლის პატივისცემისა და კრიტიკისადმი გახსნილობის გარეშე არანაირი „ევროპა“ არ არსებობს“,- წერს პაპუაშვილი.
- საქართველოსა და ევროკავშირს შორის ადამიანის უფლებათა დაცვაზე ყოველწლიური დიალოგის შეხვედრა, რომელიც 21 ნოემბერს უნდა გამართულიყო, გაუქმდა. მიზეზი, სავარაუდოდ, ქართულ დელეგაციაში სანქცირებული პირის ყოფნა გახდა - ეს ინფორმაცია რამდენიმე მედიას ბრიუსელში წყაროებმა დაუდასტურეს.
დღეს "ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ამტკიცებს, რომ შეხვედრა იმის გამო ჩაიშალა, რომ "ბრიუსელი არ არის მზად, მოისმინოს ქართული მხარის არგუმენტირებული პოზიციები."