რეჟიმს დელეგაციაში ჰყავდა დასანქცირებული მინისტრის მოადგილე, რომლის მგზავრობაც დიალოგში მონაწილეობის მისაღებად შეუძლებელი იყო - ლემონჯავა
რატომ გაუქმდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ადამიანის უფლებათა დაცვაზე ყოველწლიური დიალოგის შეხვედრა, რომელიც 21 ნოემბერს უნდა გამართულიყო - "დროას" წევრი, გიგა ლემონჯავა ამბობს, რომ "ოცნებას" დელეგაციაში ჰყავდა დასანქცირებული მინისტრის მოადგილე, რომლის მგზავრობაც დიალოგში მონაწილეობის მისაღებად შეუძლებელი იყო. ამიტომაც მისი თქმით, "ოცნების" საგარეო იტყუება, როდესაც გავრცელებულ განცხადებაში ამტკიცებს, რომ თითქოს ბრიუსელი არ არის მზად, მოისმინოს ქართული მხარის არგუმენტირებული პოზიციები და ამის გამო ევროკავშირის გადაწყვეტილებით გადაიდო შეხვედრა.
რეჟიმის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყუება.
საქართველო - ევროკავშირის დიალოგი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე ჩაიშალა ორი მიზეზით:
1. რეჟიმს დელეგაციაში ჰყავდა დასანქცირებული პირი, მინისტრის მოადგილე, რომლის მგზავრობაც დიალოგში მონაწილეობის მისაღებად შეუძლებელი იყო;
2. დელეგაციის შემადგენლობა ხელოვნურად იყო გაბერილი. დელეგაციაში იყვნენ პოლიტიკური თანამდებობის პირები, რაც მიზნად ისახავდა არა მათ სამუშაო პროცესში მონაწილეობას, არამედ პროპაგანდის გაძლიერებას, რომ თითქოს ივანიშვილის რეჟიმი დასავლეთთან “ლაგდება”.
ბუნებრივია, რომ ამ თაღლითობის შესაძლებლობას რეჟიმს არავინ მისცემდა", - წერს გიგა ლემონჯავა.
- საქართველოსა და ევროკავშირს შორის ადამიანის უფლებათა დაცვაზე ყოველწლიური დიალოგის შეხვედრა, რომელიც 21 ნოემბერს უნდა გამართულიყო, გაუქმდა. მიზეზი, სავარაუდოდ, ქართულ დელეგაციაში სანქცირებული პირის ყოფნა გახდა - ეს ინფორმაცია რამდენიმე მედიას ბრიუსელში წყაროებმა დაუდასტურეს.
დღეს "ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ამტკიცებს, რომ შეხვედრა იმის გამო ჩაიშალა, რომ "ბრიუსელი არ არის მზად, მოისმინოს ქართული მხარის არგუმენტირებული პოზიციები."