რატომ ამცირებს დაფინანსებებს მერია - რისთვის ვერ გამონახა კალაძემ ფული?
თბილისის მერია ავარიული შენობების ჩანაცვლებაზე, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, ახალი ობიექტების მშენებლობასა და მათ შორის, განათლების პროექტებზე იმაზე ნაკლებს დახარჯავს, ვიდრე წელს.
კახა კალაძემ საკრებულოს 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი გადაუგზავნა, სწორედ ამ დოკუმენტში ჩანს, რომ ახალი ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობის, კეთილმოწყობის და ავარიული შენობების გამაგრების თვის წელს 93.5 მილიონი ლარით ნაკლები დაიხარჯება. ეს იმ ფონზე, როდესაც ავარიული სახლების პრობლემა უმწვავესია და შენობების ნაწილი ნგრევის პირასაა მისული.
თბილისის მერმა დღეს თქვა, რომ მომავალი წლიდან იმ დაპირებას შეასრულებს, რაც არჩევნების წინ გასცა, თუმცა კალაძის ჩამონათვალში არ არის მეტრო. არადა არჩევნების წინ მერი ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობას დაგვპირდა, ვარკეთილსა და გლდანში.